დავით კირკიტაძის ადვოკატი პროკურორს: კიდევ ერთხელ დაარიგეთ მოწმე და მერე დაკითხეთ
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მორიგი მოწმის დაკითხვით გრძელდება გურჯაანის სასამართლოში.
ზვიად აზარიაშვილი, პოლიციელი, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი - ეს ის მოწმეა, რომლის დაკითხვის დროსაც პროკურორებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა.
საქმე ისაა რომ მოწმემ, რომელსაც პროკურორების ვერსიით დავით კირკიტაძის საწინააღმდეგო ჩვენება უნდა მიეცა, ბრალდების მხარისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვერ გაიხსენა.
კერძოდ, ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდება ორი პირს - დავით კირკიტაძეს და მუსაევს აქვთ წაყენებული.
პროკურორების ვერსიით, მათ სრულიად იდენტური დანაშაული ჩაიდინეს.
თუმცა, მოწმე აზარიაშვილს ყველაფერი ახსოვს, რაც დავით კირკიტაძის "დანაშაულს" ეხება და ვერ იხსენებს მუსაევის როლს, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული...
სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ხმაური, რის შემდეგაც დავით კირკიტაძის ადვოკატმა პროკურორს უთხრა: "გამოვაცხადოთ შესვენება, კიდევ ერთხელ დაარიგეთ რა უნდა თქვას მოწმემ და მერე გააგრძელეთ დაკითხვა".
ამით, გიორგი კონდახაშვილმა ბრალდებას მიანიშნა, რომ პროკურორები მოწმეებს იმის თქმას აიძულებენ, რაც მათ აწყობთ, იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივანი დიდი ხნით ჩასვან ციხეში.
კომენტარი