სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ მღვდელმონაზონ იონას გასათავისუფლებლად აფხაზეთში სპეცოპერაცია ჩაატარა

25 დღიანი ტყვეობის შემდეგ, აფხაზეთში, ქართული ტაძრების მოსალოცად ჩასული მღვდელმონაზონი იონა, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს - გათავისუფლებულია. მისი გათავისუფლება შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად მოახერხეს. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის ნათესავმა, მამა იონას გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთ სტიქაროსანს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დაუკავშირდნენ და მის გასათავისუფლებლად 100 000 დოლარი მოითხოვეს.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობდა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ზუსტდებოდა ინფორმაცია მღვდელმონაზონ იონას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. დღეს შს სამინისტროს მიერ ცნობილი გახდა, რომ მღვდელმონაზონი გათავისუფლებულია და ის უკვე გადმოიყვანეს თბილისში.

შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი:

"მოხარული ვარ, რომ 25 დღიანი პატიმრობის შემდეგ მამა იონა დაუბრუნდა სამშობლოს, საკუთარ ოჯახს, და იმედს გამოვთქვამ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ცხოვრება იყოს უსაფრთხო",-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი, შოთა უტიაშვილი:

,,შს სამინისტრო ინტენსიურ სამუშაოებს ატარებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ მამა იონას გათავისუფლების მიზნით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, მამა იონა ტყვეობიდან დახსნილია, იგი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ წუთებში ის იმყოფება თბილისში და მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ღონისძიებები, რომელმაც შესაძლებელი გახადა დაკავებული სასულიერო პირის გათავისუფლება.’’

შს სამინისტრომ, თავდაპირველად, მღვდელმონაზონის გათავისუფლების საკითხი, 31 იანვარს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დროს დააყენა, თუმცა ოკუპანტებთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლება წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად შეძლო, თუმცა თვითონ სამინისტროში ამ ფაქტთან დაკავშირებით არც დეტალებზე საუბრობენ და არც კომენტარს აკეთებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100