სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა თუშეთში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი.

საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში სამი დღის წინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთი, სხვადასხვა დაზიანებით, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგულ მოქალაქეს დღემდე ეძებდნენ.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100