სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული სამხედრო–საჰაერო ძალები საქართველოს სივრცეში, შატილთან შემოიჭრნენ

სამმა რუსულმა, МИ-8 ტიპის ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო საზღვარი თბილისის დროით 13:05 საათზე დაარღვია, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში, მინიმუმ, 3 კმ–ის სიღრმეში შეიჭრნენ და მინიმუმ, 15 წუთს დაჰყვეს, თანაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, იქვე მდებარე პოლიციის საგუშაგოს თავზე ტრიალებდნენ, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს“, – ამბობს მოვლენის თვითმხილველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია:

"საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

საერთაშორისო სამართლის ამგვარი უხეში დარღვევა მიზნად ისახავს გამოიწვიოს ქართული მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობდა მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას. შექმნილ ვითარებაში ქართულმა მხარემ იმოქმედა თავშეკავებულად და სრული პასუხისმგებლობით, ვინაიდან უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ინტერესებში არ შედის", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს შეფასებით, აშკარაა რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციების განხორციელების მოლოდინი. მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირს და სხვა რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

"ამასთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოელის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის სათანადოდ შეფასებას და მოუწოდებს მას, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მოთხოვნით", - აცხადებს საგარეო პოლიტიკური უწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100