სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტი, რომელმაც შეძრა რუსეთი...

30 აგვისტოს რუს ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას 53 წელი შეუსრულდებოდა. ანა 1958 წლის 30 აგვისტოს აშშ–ში, ნიუ–იორკში დაიბადა. მისი ქალიშვილობის გვარია მაზეპა. წარმოშობით უკრაინიდანაა. 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პოლიტკოვსკაია განსაკუთრებულ ყურადღებას ჩეჩნეთის ომსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს უთმობდა. მისი კრიტიკის ობიექტი პუტინი და მისი ადმინისტრაცია იყო.

ანას ჟურნალისტური კარიერა იწყება 1982 წელს, როდესაც მან მუშაობა გაზეთ „იზვესტიაში“ დაიწყო. ამას მოჰყვა „საჰაერო ტრანსპორტი“, „ობშაია გაზეტა“ და „ნოვაია გაზეტა“. მიღებული აქვს პრემიები: Золотое перо России, Добрый поступок — доброе сердце და Золотой гонг-2000. იგი არის ავტორი წიგნებისა: Путешествие в ад. Чеченский дневник, Вторая чеченская და Putin’s Russia.

2004 წელს, პოლიტკოვსკაია ბრიტანულ გაზეთ The Guardian–ში აქვეყნებს სტატიას, სადაც წერს, რომ მაშინ, როდესაც ბესლანის ტერაქტი მიმდინარეობდა, მისი მოწამვლა სცადეს. ჟურნალისტი მოსკოვიდან როსტოვში მიფრინავდა, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთამდეც კი ვერ მიაღწია – პოლიტკოვსკაია ბორტიდან უგონო მდგომარეობაში ჩამოიყვანეს და როსტოვის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

ანა პოლიტკოვსკაია აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში: სასამართლოში ეხმარებოდა დაღუპული ჯარისკაცების დედებს, ატარებდა გამოძიებებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე კორუფციაზე.

2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ანა პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს. ის მოკლეს. გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. იქვე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ოთხი გილზი.

ეჭვს იმის შესახებ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი ადასტურებს – პოლიციამ დააკავა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვიმტანილი ყოფილი ვიცე–პოლკოვნიკი დიმიტრი პავლიჩენკოვი. როგორც ჩანს, ჟურნალისტის საქმიანობა „ვიღაცის“ ინტერესებში არ შედიოდა და ის უბრალოდ მოიშორეს. ვის უნდა აწყობდეს ოპოზიციონერი ჟურნალისტის თავიდან მოშორება? – ალბათ, არც ამ კითხვაზეა ძნელი პასუხის გაცემა, თუკი რუსეთში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ. თანაც, არც ის იყო შემთხვევითი, რომ მისი მკვლელობა პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი აღმოჩნდა - მისი დაბადების დღეს დაამთხვიეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100