მიხეილ სააკაშილმა გაეროს ასამბლეაზე ყურადღება ფუნდამენტურ ფასეულობებზე გაამახვილა
დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი საზოგადოება, ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს 67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ ფუნდამენტურ ფასეულობებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა.
მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინოს იმ გარე საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ მეზობლისგან ემუქრება და ყურადღება საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე გაამახვილა.
პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო კიდეც ამ უწყების ძირეული რეფორმირება.
ქვეყნის ლიდერი საარჩევნო პროცესსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოში მეტად კონკურენტული საარჩევნო გარემოა შექმნილი. განსაკუთრებული ყურადღება მან საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობის მნიშვნელობასაც დაუთმო.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მათ, ვისაც საქართველოში ამ დინამიკის შეცვლა სურს, უნდა იცოდნენ, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობას, ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრია, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზე დაადასტურებს კიდეც. „ამ მხრივ, საქართველო კვლავაც გააგრძელებს განვითარებას“, - აღნიშნა მან.
ნიუ ორკში გაეროს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ორგანიზაციის წევრი 116 ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირები და საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგში 150-ზე მეტი თემაა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ბირთვულ საფრთხეებსა და მათ თავიდან აცილებას დაეთმო. მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ეპყრობა.
კომენტარი