სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა ტრიპოლსკი ახალი კაცით ჩაანაცვლა - პრესსპიკერი გოგი ახალკაცი ხდება

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, საკუთარი გარემოცვის დასაფრენად დიდი კეტი აიღო ხელში, თუმცა, როქის პრინციპს, ანუ, ერთი კადრის მეორით ჩანაცვლებას ვერ გასცდა. და, როგორც იტყვიან, ცვივა ივანიშვილის ფერხთით შერისხულთა „თავები“ - ალბათ, სწორედ ასე სჯიდა შაჰი მათ, ვისაც მოღალატედ ჩათვლიდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ივანიშვილის მიერ შერისხულთა „თავები“ მისი სასახლის წინ არ არის გამოფენილი, ანუ, ყოველივე ისე ხდება, რომ ივანიშვილის მრისხანება და მანიაკალური აკვიატებები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს...

ამჯერად ივანიშვილის ერთ-ერთი რჩეულისა და მარჯვენა ხელის, ირაკლი ტრიპოლსკის ჯერი დადგა და მილიარდერის კომიკური ფრაზის „ე, ბიჯო, შენ მაინც გაჩერდი!“ ადრესატი, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა, უკვე მეორედ მილიარდერის ხელში, მე-9 არხის დახურვის შემდეგ...

ირაკლი ტრიპოლსკის „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი, მათემატიკოსი და ყოფილი ტელეწამყვანი, გოგი ახალკაცი ჩაანაცვლებს. ეს ის ახალკაცი გახლავთ, რომელიც ფილარმონიაში „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას უძღვებოდა. „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა მომხრეები დაამშვიდა, მრავალ ახალ სახეს იხილავთო და მეორე დღესვე შეასრულა დანაპირები - საკვანძო თანამდებობაზე ახალი კაცი - ახალკაცი ჰყავს...

მანამდე კი იყო გია ხუხაშვილი, რომელიც საწამლავთან ივანიშვილის შედარებას შეეწირა. მან „მაესტროს“ ეთერში ასეთი რამ თქვა: „ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური პროდუქტი, კოკა-კოლა - ის საწამლავია“, - ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ისედაც დაჭიმული ივანიშვილის ნერვების გასაღიზიანებლად - მან ხუხაშვილი, უბრალოდ, მოიკვეთა.

მილიარდერის გარემოცვიდან გამოსული ხმების თანახმად, სახალხოდ შერისხა და მოიკვეთა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ბიგვავაც, რომელზეც ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდა - გაერთიანებული თათბირის დროს მან ბიგვავას მოულოდნელად, იმ წყლის დალევა მოსთხოვა (საკმაოდ უკმეხი ტონით), რომელიც ბიგვავამ მას მიაწოდა... როგორც ჩანს, ივანიშვილის ახირებები ბიგვავასთვისაც იყო ცნობილი და მან სიტყვის შეუბრუნებლად გამოსცალა ჭიქა. ივანიშვილი კი დარწმუნდა, რომ წყალი მოწამლული არ ყოფილა, მაგრამ ბიგვავა მაინც მოიძულა. ამის შემდეგ ბიგვავა ალკოჰოლს მიეძალა...

მოკლედ, რაც ივანიშვილის კარზე ხდება, ამას კარუსელიც აღარ ჰქვია - მსხვერპლთშეწირვას უფრო ჰგავს - გარემოცვის წევრები საკმაოდ შეშინებულები ჩანან - თბილი ადგილისა და მაღალი ხელფასის დაკარგვა, რასაკვირველია, არავის სურს, მაგრამ ივანიშვილს უკვე წესად ექცა, თვეში ერთხელ ან ორჯერ მის მიერვე აღზევებული მიწაზე დაანარცხოს და სამუდამოდ მოიკვეთოს. ვინ იქნება შემდეგი, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოდ, „შესაწირავთა“ საკმაოდ გრძელი სია არსებობს, რადგან, ისევ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „შუა უნდა გაიკრიფოს...“

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100