პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და სამშობლოში დღეს, 4 თებერვალს ბრუნდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შაბათს გერმანიიდან საქართველოში ბრუნდება. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრი აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს - მას გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარდა.
„ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა და რადგან გართულებები არ ყოფილა, უწმინდესი შაბათს საქართველოში იქნება“, - განაცხადეს საპატრიარქოს პრესცენტრში.
სავარაუდოდ, კვირას პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. პატრიარქს შაბათს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დახვდება.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში 22 იანვარს გაემგზავრა. სმე-ს საჭეთმპყრობელმა გეგმიური გამოკვლევები ბერლინის იმავე კლინიკაში გაიარა, სადაც ცოტა ხნის წინ გულთან დაკავშირებული ქირურგიული მანიპულაციები ჩაუტარდა. "თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ", - მიმართმა მრევლს პატრიარქმა გერმანიაში გამგზავრების წინ აღვლენილი წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში.
კომენტარი