„გორგიამ“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგიამ“ დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი გახსნა.
„გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ჰიპერმარკეტი თბილისის არჩეულმა მერმა - დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. ჰიპერმარკეტის გახსნას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 100-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სამშენებლო სფეროში ეს ყველაზე დიდი ცენტრია ჩვენს რეგიონში, ასეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა მოხდეს იმ დიდი პროექტების, რომლის განხორციელებასაც მშენებლობის და ქალაქის განვითარებისთვის ვგეგმავთ,“- განაცხადა ქალაქის მერმა.
წერეთლის #140-ში მდებარე 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 25 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. „გორგიაში“ მისულ კლიენტებს იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია დახვდებათ.
„ჰიპერმარკეტის გახსნა ბოლო წლებში ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ.
კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის ათ მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.
კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა.
გახსნასთან დაკავშირებით, პირველი 500 მომხმარებლისათვის გორგიამ სპეციალური საჩუქრები გაათამაშა.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანალოგიური ჰიპერმარკეტების გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგია 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით ამ სფეროში ერთერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით 800 მაღაზიას მოიცავს.
კომენტარი