სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერო-ს გენასამბლეა მოუწოდებს მსოფლიოს 87 სახელმწიფოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უძრავი ქონება არ შეიძინონ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრი 57 ქვეყანა მოუწოდებს როგორც რეზოლუციის მოწინააღმდეგე 13 სახელმწიფოს, ასევე იმ 74-ის მოქალაქეებს, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უძრავი ქონება არ შეიძინონ.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მიღებისადმი მიძღვნილ რეპორტაჟში რადიო "ამერიკის ხმა" იუწყება.

მისივე ინფორმაციით, რეზოლუციით რუსეთს კიდევ ერთხელ დაავალდებულეს, აფხაზეთიდან და ცხივნვალის რეგიონიდან დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება უზრუნველყოს.

"ანალოგიური რეზოლუცია გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გასულ წელსაც მიიღო, თუმცა წელს ქართული მხარე თავს იმით იწონებს, რომ შანრაშანდელისგან განსხვავებით, რეზოლუციას წევრი სახელმწიფოებიდან მხარი შვიდით მეტმა დაუჭირა. მოწინააღმდეგე 13 ქვეყანას შორის კი სომხეთი და სერბეთიც აღმოჩნდნენ" - იუწყება რადიო "ამერიკის ხმა" და აქვე ინტერესდება, რა შედეგი შეიძლება, მოუტანოს საქართველოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მომავალ წელს ყველა ქვეყანა საქართველოში დევნილთა დაბრუნებაზე თახმობას აცხადებდეს.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ გაეროს რეზოლუცია არავის არაფერს ავალდებულებს: „მე არ ვამბობ, რომ რეზოლუცია საკმარისია პრობლემის გადაჭრისთვის, მაგრამ როდესაც არსებობს დოკუმენტი დადგენილებით, რამდენია მომხრე და რამდენი წინააღმდეგი გარკვეული საკითხის მიმართ, ეს წარმოადგენს მტკიცებულებას მოლაპარაკებების დროს, რათა ჩვენ უფრო მყარად ვიგრძნოთ თავი", - ამბობს რაიოჟურნალისტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ "ქართულ მხარეს სურს, ის დიალოგი, რომელიც ჟენევაში უნდა იმართებოდეს, სულ სხვა ფორმატში გადაიტანოს".

"თბილისს სურს, დევნილთა თემის განხილვა პრაქტიკული შეთანხმებიდან პროპაგანდისტულ ფორმატში გადაიყვანოს. სჯობს, ასეთი საკითხები ჟენევაში განვიხილოთ. თანაც, იქ ყველა მხარეს აქვს პოზიციის დაფიქსირების საშუალება, განსხვავებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომისაგან. თუ ქართველებს სურთ, საკითხის განხილვა ასამბლეაზე გაგრძელდეს, მაშინ აქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც უნდა მოვიწვიოთ, რომლებსაც აქ მოსასვლელად ვიზებზე პრობლემები ექმნებათ" - განაცხადა ლავროვმა.

თავის მხრივ, გაერო-ში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კახა ლომაია ამბობს, რომ რეზოლუციის არასავალდებულობის მიუხედავად, ასეთი ხასიათის დოკუმენტები მაინც ცვლიან პოლიტიკურ ატმოსფეროს.

"შეუძლებელია, საბოლოოდ რუსეთმა მსოფლიო თანამეგობრობის აზრს ანგარიში არ გაუწიოს" - დასძენს ლომაია.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღებას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ საქართველოს მხრიდან პროვოკაციის საფრთხე დაინახა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველი დევნილები საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100