სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დააკავეს ლადო ვარძელაშვილი?

სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი იარაღის შენახვისთვის დააკავეს. დაკავებულია ლადო ვარძელაშვილის ქვისლიც, ვახტანგ ბიჭაშვილი, რომლის სახელზეც იარაღი იყო გაფორმებული, თუმცა ეს იარაღი ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ
ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გაბაიძის ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია ზვიად ქავთარაძე, რომელმაც შემთხვევითი გასროლა განახორციელა და ამ გასროლას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა.

გოგიტა გაბაიძის ცნობით, ვარძელაშვილს ბრალი ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი, თუმცა მას ბრალს წარუდგენენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

გარდაცვლილი დევი სირაძე საკუთარ სახლში, ყიფშიძის ქ.ნომერ 5 ა-ში ცოტა ხნის წინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს. დევი სირაძის სიცოცხლე გუშინ გვიან საღამოს, ვარძელაშვილის სახლში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი საბერძნეთიდან ახალი ჩამოსული იყო და სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის ოჯახში, სადაც მის დაბრუნებას აღნიშნავდნენ. ზვიად ქავთარაძეს იარაღი გაუვარდა, რამაც 45 წლის სირაძის სიცოცხლე იმსხვერპლა

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით: "მოხდა უბედური შემთხვევა და ოჯახს დაკავებულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს". გარდაცვლილის მეუღლემ განმარტა, რომ ის დევისთან ერთად ნუცუბიძის 26-ში, ლადო ვარძელაშვილის სახლში თავადაც იმყოფებოდა. "ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაჭრილი კორპუსიდან ჩამოგვყავდა, თუმცა ლიფტში დაკარგა გონება, სასწრაფოს მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო, საავადმყოფოში მაშინვე წაიყვანეს" - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეომასალას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი დააკავეს.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ასევე დაკავებულია ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად „ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა.

გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება“ -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100