ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თვითმკვლელობის საქმეზე, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 1 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).
„საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 8 ოქტომბერს, ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
კომენტარი