მარგველაშვილი იაპონიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივანთან სადაკაზუ ტანიგაკისთან შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური პარტიების როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. მხარეები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.
ამას გარდა, შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა ის გამოწვევები და სამწუხარო რეალობა, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად დგას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.
ქართული მხრიდან შეხვედრას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კომენტარი