სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკომენტაროდ: ორი ჭაბუა

ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა ქართველი ერისადმი

ქალბატონებო და ბატონებო!

დღეს ყოველი თქვენგანი მონაწილეა ქართველი ერის მომავალი გამარჯვებებისა. ჩვენი ერის იღბალმა ინება საქართველოში ბრწყინვალე მოღვაწის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოვლინება. ჩემი ღრმა რწმენით, სახელდობრ მისი წინამძღოლობით მოხდება საქართველოს ხსნა უბირი თანამედროვეობისაგან და იმ ვითარების ჩამოყალიბება, როგორიც ღმერთსა და ადამიანურ გონიერებას განუზრახავს.

პატიებას გთხოვთ, რომ ოთხმოცდაათი წლის ავადმყოფი მოხუცი ვარ და ვერ ვინაწილებ ჩვენი ერის სიხარულს ჩვენი პირველი ოფიციალური თავყრილობის გამო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის ეს მოძრაობა გაიმარჯვებს და მსოფლიო დაინახავს, რისი შემძლეა ქართველი ერი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ქართველებო, ხელიდან არ გაუშვათ ღმრთივ ბოძებული შესაძლებლობა, ნაოცნებარი მომავლისათვის ბრძოლაში ისტორიული ახალი გამარჯვებისა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ჭაბუა ამირეჯიბი - ბერი დავითი

თბილისი, 11.12.2011.

ჭაბუა ამირეჯიბის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 1994 წელს, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის საკითხი განიხილებოდა (სტენოგრაფიული ჩანაწერი)

ქალბატონებო და ბატონებო, შევეცდები ძალიან მოკლედ გამოვთქვა ჩემი აზრი ამ პრობლემის გარშემო. უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვთქვა კმაყოფილება დღევანდელი პარლამენტის სხდომის მსვლელობის გამო. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც იტყვიან გამოჩნდა ცისფერი და შავი, თეთრი და შავი (ხმაური დარბაზში). საქართველოს წინაშე ყოველთვის იდგა პრობლემა და დღესაც დგას. ვისთან, ვისი მფარველობის ქვეშ იყოს საქართველო. ასე იყო მთელი ისტორიის მანძილზე და დამსწრე საზოგადოებას პატიებას ვთხოვ, რომ ეს მას შევახსენე. მე აქ ერთხელ გამოვედი და ვთქვი, რომ რუსეთისაგან ღალატის მეტი ჩვენ არაფერი არ გვინახავს.
დავიწყე 1773 წლიდან, მოვედი 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევამდე. მაგრამ ჩემი გამოსვლა მაშინ მე დავამთავრე ასე:

სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს. ალტერნატივა არ არის. აქ ვიღაცამ თქვა, რომ ომის მდგომარეობაში ვართო, თუ ომი დავიწყოთო, თუ რაღაცა ასეთი. ე.ი. ომი არ არის ოლიმპიური თამაშები, - ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა აქ, - რომელშიც მთავარი იყოს მონაწილეობის მიღება. რა გამოვა იმ ომიდან, ყველას მოგვეხსენება ძალიან კარგად. რაც შეეხება იმას, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ბატონი ედუარდის ნიუ-იორკში წასვლამდე, მე მაგალითად ამას ვასაბუთებ ასე - "სნგ"-ში შესვლა მისცემს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ ვეტოს უფლების მქონე პირს, რუსეთის წარმომადგენელს, მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს ისეთ დადგენილებას, რომელიც ჩვენი სასარგებლო იქნება. ახლა... (ხმაური დარბაზში). რაც შეეხება წესდებასთან შეერთებას, კერძოდ ამ საკითხს.

მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს.ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100