სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს პატრიარქი ქორწინებაზე?

ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში.

ქორწინება დაურღვეველია. მაცხოვარი ამბობს: რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ (მარკოზი 10,9). არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც მითუმეტეს ქალს, მეუღლეობისას ერთმანეთზე აბსოლუტური უფლება არა აქვთ. ძალდატანება, თუნდაც სიყვარულით გამოწვეული, კლავს თვით სიყვარულს; იბადება კითხვა: საჭიროა თუ არა დამორჩილება იმ ძალდატანებისადმი, რომელშიც ყველაზე უძვირფასესის დაკარგვის საშიშროება იფარება? უმეტესი რაოდენობა უბედურ ქორწინებათა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე თავს იმის მესაკუთრედ თვლის, ვინც უყვარს. უდიდესი სიბრძნეა ქორწინებისა - მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლო ადამიანის სრული შეცნობა. დაქორწინებამდე ადამიანი ღრმად ვერ შეიცნობს ცხოვრებას, უყურებს მას შორიდან და მხოლოდ დაქორწინებისას შედის ცხოვრების სიღრმეში მეორე პირის მეშვეობით, რაც მას უფრო მდიდარს და ბრძენს ხდის.

ეს ორთა სისრულე უფრო ღრმავდება ბავშვების დაბადებით. ბავშვში ადამიანი ხედავს თავის სახეს, ჩვევებს, მიდრეკილებებს. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სრულყოფილი მეუღლენი შობენ სრულყოფილ ყრმას, რომელიც შემდეგ განაგრძობს განვითარებას სრულყოფის კანონით. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება და წინააღმდეგობაა, მაშინ ბავშვიც, ნაყოფი ამ განხეთქილებისა, მას კიდევ უფრო აღრმავებს. ასეთია გენეტიკის კანონი. ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი, მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა. ბავშვების აღზრდისას უმთავრესია მშობლების მაგალითი, - მათი შინაგანი ცხოვრება, სიმართლე და ჭეშმარიტება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100