„როცა შეიარაღებას აწარმოებ, ვიღაცა ვერ მოგატყუებს და ინფორმაციას მტერს ვერ გადასცემს“
საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ქართული რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება არამარტო მომგებიანი, უფრო სანდოცაა:
„როცა საკუთარ შეიარაღებას თვითონ აწარმოებ, ეს კარგია არამხოლოდ იმიტომ, რომ შედარებით იაფი გიჯდება, არამედ იმიტომაც, რომ დაზღვეული ხარ - ადვილად ვერავინ მოგატყუებს და ინფორმაციას მტერს ვერ გაუზიარებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და, შესაძლოა, ამით მინიშნება „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებაშიც გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოსთვის ისრაელში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების კოდები ებრაულმა მხარემ რუსეთს ირანში განთავსებული საზენიტო კომპლექსების შესახებ საიდუმლო ცნობებზე გაუცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ „ვიკილიქსმა“ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:
„უპილოტო მფრინავი აპარატების კოდები, რომლებითაც აპარატების მართვა შეიძლება, WikiLeaks–ის თანახმად, ისრაელმა რუსეთს ირანში არსებული რუსული საზენიტო რაკეტების კომპლექსის შესახებ საიდუმლო ტექნიკურ ინფორმაციაზე გაუცვალა.
როგორც WikiLeaks–ის ცნობაშია ნათქვამი, გამოცემა ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის Stratfor–ის 500–ზე მეტი წერილი შეისწავლა და გაანალიზა. ეს ამერიკული ორგანიზაცია გეოპოლიტიკური ანალიზსა და ასეთივე შინაარსის ინფორმაციის შეგროვებაზეა სპეციალიზებული და ხუთასზე მეტ ორგანიზაცია–მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, აშშ–ის ნაციონალური უშიშროების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო, რომლებიც ისრაელის წარმოების Hermes და Skylark–ს შეცვლიან, რომლებსაც 2007 წლიდან ებრაული კომპანია Elbit Systems აწარმოებდა და 2007 წლიდან აწვდიდა საქართველოს.
35 მილიონი დოლარის ღირებულების ამ ტექნიკის ისრაელისთვის დაბრუნების შესახებ ქართულმა მახარემ მაშინ ოფიციალური განცხადებებიც გააკეთა, თუმცა, მიზეზი განმარტებული არ ყოფილა.“
კომენტარი