სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2008 წლის აგვისტო ჩემი მღელვარებისა

შორიდან დავიწყებ: დედა ლეჩხუმელი მყავს. ყოველ ზაფხულს, შორეული ბავშვობიდან, ცაგერის რაიონში ვისვენებდით, ბებია-ბაბუასთან, მინიმუმ, ერთი თვით. ბაბუა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ნაჭრილობევი ახლაც ამჩნევია ზურგზე.

სკოლაში, ასე, მე-6-7 კლასში, კედლის გაზეთს ვრედაქტორობდი, "შედევრებს" ვწერდი სხვებთან ერთად. მახსოვს, ბაბუას რამდენჯერმე გავუგზავნე წერილი, რომ გაეხსენებინა ომის რომელიმე ეპიზოდი: როგორ დაიჭრა, როგორ გადარჩა. ვუხსნიდი, კედლის გაზეთისთვის მჭირდება-მეთქი. პასუხი ყოველთვის მომდიოდა, მაგრამ ბაბუა ჩემი თხოვნის გარდა, ყველაფერზე მწერდა, თხოვნას კი სრული იგნორირებით ხვდებოდა. მაშინ მწყინდა, მაგრამ როცა მეორე კურსიდან გავიპარე აფხაზეთის ომში მოხალისედ და სოხუმის აღების დღეს ძლივს გამოვედი ალმოდებული ქალაქიდან, მოგვიანებით მივხვდი, რატომ დუმდა ბაბუა: ომის დროს გადატანილი განცდები რომ ხელახლა გაეხსენებინა, ყველაფრის ხელახლა გადატანის ტოლფასი იქნებოდა მისთვის...

ვიცი, იმ აგვისტოს გახსენება ჩემთვისაც ძნელი იქნება, მაგრამ მოვიმარაგებ სიგარეტს და დავიწყებ... იმედია, თვითრეკლამად არ ჩამითვლით და თუ ჩამითვლით კიდეც, არც მაგაზე ვინაღვლებ დიდად: მტკივა და გავიხსენებ...

2008 წლის აგვისტოში, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, ძირითადად, "ოდნოკლასნიკზე" ვაქტიურობდი და ამას თავისი ახსნა ჰქონდა - რუსებთან პოლემიკაში ვიყავი ჩაბმული და ახალ ამბებს მომენტალურად ვანთავსებდი ფორუმებზე, ძირითადად ჯგუფში "პროფესია-ჟურნალისტი", სადაც, ჩემი კოლეგების გარდა, უამრავი ემიგრანტი ქართველი იყო გაწევრიანებული. 6 აგვისტოდან 10 დღის განმავლობაში, თითქმის არ მიძინია, დღისით ვიღებდი კადრებს, ღამით ფორუმებში ვიჯექი. სამეგრელოში პირველი კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის ერთ-ერთი ტერმინალი საჰაერო იერიშის დროს ერთდროულად დაიბომბა. სენაკს ჰაერიდან დაარტყეს, ფოთს კი, "ისკანდერით", ოჩამჩირიდან. ეს პირველი შეგრძნება იყო იმისა, რომ ომი უკვე შენს თვალწინაა და შენი ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია.

მაშინ "იმედი" ჯერ კიდევ დახურული იყო, რადიო "იმედში" მქონდა პირდაპირი ჩართვები და ვიდეოკამერით "როიტერისთვის" ვმუშაობდი, როგორც სტრინგერი. ვცდილობდი, ოპერატორი არ წამეყვანა, მანქანაში მძღოლის გვერდითა სავარძელზე მედო ავტორეჟიმზე გადაყვანილი კამერა და დავდიოდი ყველგან, სადაც რუსები გაიჭაჭანებდნენ. მერე ამ კადრებს "როიტერს" ვაწვდიდი, თავდაპირველად, ანძის მეშვეობით, ჩვეულებრივი, ე.წ. "პერეგონით", მერე, როცა გორის ანძა ააფეთქეს, ბათუმში დავდიოდი დღეში რამდენჯერმე(200 კმ-ია ზუგდიდიდან), აჭარის ტელევიზია ლოგოს ხსნიდა და პირდაპირ ეთერში უშვებდა შავ მასალას (ეს სტანდარტების უგულებელყოფა იყო, საერთო საქმის გამო), სატელიტზე გასულ სიგნალს კი "როიტერი" თბილისში იჭერდა და იწერდა.

სანამ ზუგდიდს რუსების პირველი კოლონა მოადგებოდა, დავით ბაქრაძის ცნობილი განცხადება გაკეთდა - ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს წუთებში იგეგმება საჰაერო შეტევა ზუგდიდზე, მტერი ყველა მხრიდან გვიტევს და ვისაც როგორც შეგიძლიათ, შეეწინააღმდეგეთო. ზუგდიდი ზუსტად 10 წუთში ხალხისგან და მანქანებისგან დაიცალა. რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან, სიგნალები, გინება, ფეხშიშველი ხალხი, რომელიც სახლებიდან გამორბოდა, ზოგს მხოლოდ ხატი აეღო და ჩაეხუტებინა გულში, ზოგს ერთი პარკი და ყველა ქალაქიდან გასვლას ცდილობდა და ახერხებდა, მე კი ვერ ვხვდებოდი - სად უნდა წასულიყვნენ, აბა, საქართველოში სად იყო იმ დროს უსაფრთხო ადგილი? ზოგი იმას იმიზეზებდა, ცოლ-შვილი უნდა გავხიზნო, მერე დავბრუნდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მათ ბათუმის ბულვარში ხედავდნენ. ომი ხომ ადამიანის სახეს, მის სულს აშიშვლებს და, ჩემდა სამწუხაროდ, ვხედავდი, რომ მამაკაცები, ვისაც მანამდე თავი მოჰქონდათ, დედებზე, დებზე, ცოლ-შვილზე წინ გარბოდნენ...

ახლაც ზუსტად მახსოვს ის რამდენიმე ათეული მანქანა (შემიძლია, ნომრებიც კი გავიხსენო) და ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ ზუგდიდი არ დატოვეს... პირველი კოლონის შემოსვლა საშინელი განცდა იყო - არავინ იცოდა, რას აპირებდნენ რუსები... ერთ-ერთ ძალოვან ობიექტთან ნაპოვნი ჯავშანჟილეტი მეცვა, რომელსაც მარკერით წინა მხარეს დავაწერე PRESS, უკანა მხარეს კი T, რადგან V-ს დაწერა ვერ მოვასწარი, სადღაც გავრბოდი, მერე კი მიმავიწყდა კიდეც...

მერე იყო კოლონების დევნა მანქანით და გადაღება. ცოდვა გამხელილი სჯობს, რამდენჯერმე ყველა ჟურნალისტური სტანდარტი დავივიწყე და "ბტრ"-ებზე გამოყეყეჩებული სახით მსხდომ რუს ჯარისკაცებს მანქანიდან გაფშეკილი შუათითი ვუჩვენე...

გამიმართლა (თუ ამას გამართლება ჰქვია), რომ რუსების მოქმედებების დამახასიათებელი უამრავი კადრი გადავიღე, რომლებმაც მსოფლიო მოიარა: ფოთში როგორ იპარავენ უზარმაზარ რკინის ანძას, ალბათ, ჯართში ჩასაბარებლად, როგორ ამსხვრევს ჩამოძენძილი რუსი ჯარისკაცი ფანჯრის მინას და შენობიდან ქართველი სამხედროს ნახმარ ფორმას იპარავს, როგორ გააქვთ აფხაზეთში ფოთიდან მოპარული კატერები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. გამიმართლა, რადგან ჩუმად, დიდი რისკის ფასად ვიღებდი... რასაკვირველია, მარტო არ ვყოფილვარ. თენგო გოგოტიშვილს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, იქვე იყვნენ ჩემი სხვა კოლეგებიც...

და ბოლოს, 15 აგვისტო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი დღე. დილით გავიგე, რომ რუსებმა აბაშის რაიონის სოფელ წყემში ქართველ რეზერვისტთა ბანაკი გადაწვეს და იქ იმ დროსაც ხანძარი იყო. ყურადღება არ მივაქციე შეგონებებს, რომ არ უნდა წავსულიყავი, ჩავისვი მანქანაში მურადი („ოდიშის“ ოპერატორი, მაშინ 18 წლის იყო), რომელსაც ჯავშანჟილეტი ჩავაცვი და შევაჭერი წყემის ნაკრძალში, სიდანაც, თურმე, რუსები ჯერაც არ იყვნენ წამოსული.

ჩემი მანქანა პირდაპირ მათ პოზიციაზე შეიჭრა, რადგან ბოლო წუთამდე არ ჩანდნენ. ახლაც მიკვირს, პირდაპირ რატომ არ გაუხსნეს მანქანას ცეცხლი. როცა დავინახე, რომ ამ ადგილას, რომელიც კონფლიქტის ზონიდან მთელი 70 კმ-ით იყო დაშორებული, რამდენიმე "ბმპ", "ბტრ" და 50-დე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, დავამუხრუჭე. უკან მობრუნების მცდელობა რომ აშკარა სიკვდილი იყო, მაშინვე მივხვდი, მაგრამ მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ გაუაზრებლად, ინსტინქტურად, მაგრამ სწორად ვიმოქმედე.

რაც არასდროს ამომივარდება თავიდან, "ბტრ"-ის ტყვიამფრქვევის ღრჭიალი იყო, ჩემი მანქანის საქარე მინის მიმართულებით რომ მობრუნდა და ჯარისკაცების გადარბენა-გადმორბენა, საწრაფოდ რომ მოძებნეს "პრიკრიტიე". ადრენალინი ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ოთხი ჯავშანმანქანის და 50 რუსული ავტოამატის ალყაში მოხვედრა ძალიან ძნელი ყოფილა...

პირველი, რასაც გონება გამალებით, ჩამოუყალიბებელ აზრად მკარნახობდა, ის იყო, რომ უნდა დამერწმუნებინა ისინი ჩემს შეუიარაღებლობაში. იმასაც მივხვდი, რომ ხელებს თუ ვერ დაიხავდნენ, შეეძლოთ ეფიქრათ, რომ იარაღს ვმალავდი და ესროლათ: ჭკუა დაუშლიდათ თუ გვამს ვერ გადამალავდნენ იმ უკაცრიელ ადგილას.

მურადის ნაძალადევად მშვიდად ვუთხარი, რომ კამერა ზემოთ აეწია და ხელები არ დაემალა, მე ძრავი ჩავაქრე, გასაღები ნელი მოძრაობით გამოვიღე, ღია ფანჯრიდან წინ მოვისროლე და ხმამაღლა დავიძახე პირველივე ფრაზა, რაც ენაზე მომადგა: "ნე სტრელიატე, მი ჟურნალისტი, ბეზ არუჟია, სეიჩას ვიიდიმ იზ მაშინი..." - მერე ძალიან წყნარად გავაღე კარი, გადმოვედი, წრეზე დავტრიალდი, რომ ენახათ, ვმალავდი თუ არა იარაღს და მანქანის გვერდით გავჩერდი.

სიამაყემ ხელების თავზევით აწევის საშუალება არ მომცა, განზე მქონდა ორივე ხელი გაშვერილი და, ალბათ, საკმაოდ იდიოტურად გამოვიყურებოდი, რადგან საკუთარი გულისცემა მესმოდა და ვცდილობდი, მღელვარება სახეზე არ შემტყობოდა. მურადმაც იგივე გააკეთა, კამერიანი ხელი განზე გასწია და დაველოდეთ, რა მოხდებოდა. მაშინღა შევამჩნიე, რომ ირგვლივ ჩაფხუტებს, ქართულ ფორმებს, რამდენიმე მანქანას ცეცხლი ეკიდა და გული დამწყდა, რომ ამ კადრებს ვერ ვიღებდით...

როგორც "ბოევიკებში" აპატიმრებენ ტერორისტებს, ისე დაგვაპატიმრეს: ორი ჯარისკაცი გამოიქცა ათ ნაბიჯზე, ზურგიდან ორი ჩვენკენ მოშვერილი ავტოამტებით აზღვევდა, მერე ის ორი გამოიქცა და წინ მყოფებმა დააზღვიეს და ჩვენამდე რომ მოაღწიეს, გაგვჩხრიკეს. მერე მანქანაც გაჩხრიკეს და ცოტათი დამშვიდდნენ,იარაღი რომ ვერ იპოვეს. კამერა, რა თქმა უნდა, ჩამოგვართვეს, რაციები მოიმარჯვეს და ჩვენი ბედის გარკვევას შეუდგნენ. მერე მანქანაში მოცდა გვიბრძანეს და ორი ჯარისკაცი მოგვიჩინეს.

გამახსენდა, რომ მობილურები არ ჩამოურთმევიათ, სალონში მჯდარმა მოვიმარჯვე და მუხლებზე, შეუმჩნევლად დავწერე: "რუსებმა დამიჭირეს წყემში. მგონი, სენაკის ბაზაზე გადამიყვანენ". გუბერნატორი გოროზია და "როიტერის" თბილისის ბიუროდან მაკა ანთიძე მოვნიშნე. გავაგზავნე და ტელეფონი გამოვრთე. როგორც მოგვიანებით, ჩემი გათავისუფლების შემდეგ გავარკვიე, ეს ჩემი მეორე, ამჯერად გააზრებული და სწორი ნაბიჯი იყო. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე წუთში "როიტერის" მთავარ საიტზე ჯერ ჩემი დაკავების შესახებ ელვა–ინფორმაცია, შემდეგ კი შემაჯამებელი, ეს ინფო დაიდო:

TBILISI, Aug 15 (Reuters) - Russian forces in western Georgia on Friday briefly detained a freelance television reporter working for Reuters, the news organisation said.

Reuters said Lasha Berulava, a Georgian national, had been travelling to the Black Sea port of Poti to investigate reports of Russian troop movements in the area.

Berulava, who has worked for Reuters since the late 1990s, alerted the company's Tbilisi bureau by text message that he was being held by Russian forces.

He telephoned about two hours later to advise that he had been released.

რასაკვირველია, ქართულ მას-მედიაშიც ეს თემა ფიგურირებდა. ლეჩხუმში მყოფმა ჩემმა შვილებმა ტელევიზიით შეიტყვეს როგორც დაკავების, ასევე გათავისუფლების ამბავი. წყემიდან სენაკის ბაზაზე გადამიყვანეს ფრიად უცნაური მეთოდით, ჩემივე მანქანით: ჯავშანმანქანების შუაში მიმიქციეს და ისე. იმდენად თავისუფლად ვიგრძენი თავი, რომ მობილური ჩავრთე, ყურთსასმენები გავუკეთე და რადიო "იმედში" გზიდანვე ჩავერთე, მერე ის ჩანაწერი ტელევიზიებმაც დაატრიალეს. სენაკის ბაზაზე მიყვანიდან ორ საათში გამათავისუფლეს. დამიბრუნეს კამერა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კასეტაც. მოკლედ, რეზონანსულმა გამოხმაურებამ იმოქმედა.

არასოდეს დამავიწყდება, როცა სენაკის ბაზაზე ვიყავი, ერთი უჟმური ლეიტენანტი მომიახლოვდა და მკაცრად მკითხა: აკრედიტაცია გაქვს, რომ დაყვები კოლნებს და იღებო? ვისი აკრედიტაცია-მეთქი, ჩავეკითხე. ჩვენი თავდაცვის სამინისტროსიო. ბრაზისგან ავკანკალდი, მაგრამ როგორც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და ჩემს ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის არანაირი აკრედიტაცია მსგავს სიტუაციაში არ მჭირდება. ყურადღებით მისმენდა. ბოლოს თვალებში შევხედე და ვკითხე: "ა უ ვას ესტ აკრედიტაცია, დაიუში პრავო ნახადიტსა ზდეს?" - ირონიულად ჩაიცინა, მითხრა "მნე ნე ნუჟნო!" და გამცილდა... დღესაც თვალწინ მიდგას მისი სახე, თუ ვინმე მძულს რუსებიდან, ერთ-ერთი ის ლეიტენანტია...

მოკლედ(რაღა მოკლედ) ასეთი იყო ჩემთვის 2008 წლის ცხელი აგვისტო... შედარებით ვრცლადაც იმიტომ აღვწერე, რომ განცდებთან ერთად, სამეგრელოში არსებული მდგომარეობაც მეჩვენებინა. ამ მხრივ აღწერის დეფიციტი ნამდვილად არის. ბევრმა არ იცის, რა ხდებოდა ზუგდიდში მაშინ...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100