სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ატომური ავიამზიდი და კრემლის უტოპიური გეგმები

რუსებმა ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია გაახმოვანეს. ატომური ავიამზიდის პროექტი 2016 წლისათვის იქნება მზად. 2023 წელს კი, პირველ რუსულ ატომურ ხომალდს ზღვაში ჩაუშვებენ. ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოში მარტივ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ აგვარებს, მისი აგება დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი დაუჯდება. გემი 85 ათასი ტონა წყალწყვის იქნება.

პრესის ინფორმაციითვე, მსგავსი ავიამზიდის შესახებ განცხადებები რუსების მხრიდან, პირველი არ არის. სამხედრო–საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ვისოცკიმ 2010 წელს დაიქადნა, რომ წლის ბოლოსათვის რუსული ავიამზიდის ტექნიკური პროექტი იქნებოდა მზად. ახალი ავიამზიდების მშენებლობის სამხედრო–საზღვაო ძალების განვითარების ინიციატივით, შემდეგ პრეზიდენტი მედვედევიც გამოვიდა.

დღეს, სამხედრო ექსპერტები, რუსეთის ხელისუფლების ბაქიბუქის მიუხედავად, ეჭვობენ, რომ ავიამზიდის იმ ვადებში აგება, რაც გამოცხადდა, ვერ მოხერხდება. ასევე, არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებაც, სჭირდება თუ არა რუსეთს ასეთი ტიპის ხომალდი, რომელიც უდიდეს ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. 2023 წლამდე ხომალდის აგების პერსპექტივას, სპეციალისტები იმიტომაც უყურებენ ეჭვის თვალით, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

ამას გარდა, ავიამზიდის შესაქმნელად, საჭიროა აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი აღჭურვილობების ყიდვა, პერსონალის მომზადება, ასევე, სპეციალისტები იმასაც ფიქრობენ, რომ სამი მილიარდი დოლარი ავიამზიდის ასაგებად საკმარისი არ იქნება და 4–6 მილიარდი მაინც დასჭირდება. ეს ყველაფერი კი, რუსეთისთვის, მისი ეკონომიკურ–ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, უტოპიაა.

მაშ რაში დასჭირდა რუსეთის ხელისუფლებას ასეთი არარეალური გეგმის გახმაურება? ქვეყანა, რომლის შეიარაღებაც თავიდან ბოლომდე მოძველებულია, რატომ ეტანება ასეთ უტოპიურ იდეებს? სავარაუდოდ, ამის პასუხი კრემლის რეიტინგის დაცემასა და სხვა ფაქტორებში უნდა ვეძიოთ, რომელიც ამ უკანასკნელს, საკუთარ მოსახლეობაზე მანიპულირებისათვის სჭირდება.

ავიამზიდების საკითხებში, მსოფლიოს ლიდერად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. მედია იხსენებს, რომ მსგავსი სამხედრო ხომალდების მშენებლობის შესახებ პირველი იდეა ჯერ კიდევ 1940–იან წლებში გაჩნდა და მისი ავტორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო. ამ იდეაზე საბჭოთა პროპაგანდამ უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ავიამზიდი აგრესიისა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევისათვის გამიზნული საშუალება იყო, თუმცა 60–იანი წლებიდან პოზიცია შეიცვალა.

ისე კი, აღსანიშნავია, რომ დღეს, „ორიგინალურმა“ რუსულმა პრესამ, ამ ჯერ აუგებელ ხომალდს, უკვე შეარქვა ავიამზიდი, რომელსაც კავკასიაში ომისათვის გამოიყენებენ. თუმცა, თავად რუსი ექსპერტების აზრითვე, ხომალდის ასაგებად კრემლის მიერ გამოცხადებული ბოლო ვადა – 2032 წელი, დიდი შანსია, უსასრულოდ გაგრძელდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100