სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ ახალგორის შესასვლელის კონტროლი გაამკაცრა

როგორც „დრონი.ჯი“–ს ახალგორიდან აცნობეს, ქართულმა პოლიციამ ადგილობრივი შესასვლელების კონტროლი დღის მეორე ნახევრიდან გაამკაცრა. განსაკუთრებულ კონტროლზე დაბიდან გამომსვლელი პირები არიან აყვანილი. არ დასტურდება ინფორმაცია დაბის შესასვლელის სრულად ჩაკეტვის შესახებ, თუმცა, პოლიციის მხრიდან კონტროლის გამკაცრება აშკარად თვალშისაცემია.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, პოლიციის მხრიდან კონტროლის გამკაცრება ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორს უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ერთ–ერთი ვერსიით, ოქრუაშვილი თბილისში შემოსვლას რუსი ოკუპანტების დახმარებით, ცხინვალიდან აპირებს. ახალგორის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ახალგორის მარშრუტი ოქრუაშვილის შესაძლო გადაადგილებაში ერთ–ერთ ვარიანტად განიხილებოდა.

პოლიციის მხრიდან კონტროლის გამკაცრებას ვერ ხსნის ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ ყოჩიშვილი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს ვერსიას, რომლის თანახმადაც კონტროლის გამკაცრება, შესაძლოა ხვალინდელ აქციაზე ახალგორელების გამგზავრების ალბათობით იყოს გამოწვეული.

„ჯერ ერთი, ახალგორელები თბილისში, აქციაზე წასვლას არ აპირებენ და მეორეც, ასეთ შემთხვევაში გზა დაბიდან გამომსვლელებისთვის უნდა ჩაკეტილიყო. სინამდვილეში კი გამომსვლელებიც და შემსვლელებიც თანაბარი სიმკაცრით მოწმდებიან“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ამავე დროს, ქართველი ექსპერტები ახალგორის და საერთოდ, ცხინვალის მიმართულების პოლიციის მიერ გაკონტროლებაში პრობლემას ვერ ხედავენ. "ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა, რომელიც მან ქართველი ჯარისკაცებისადმი გააკეთა, შეიცავს ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს, რომელიც "ხალხის მხარდაჭერის" შეფუთვითაა მიწოდებული. რასაკვირველია, იურისტების საქმეა სისხლის სამართლებრივი ასპექტების პოვნა ან ვერპოვნა მის განცხადებაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ნიშნები იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, არის. ამიტომ, არც ის იქნება გასაკვირი და მოულოდნელი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქართველმა ძალოვნებმა დააკავონ, თუ ის მართლაც დააპირებს ცხინვალის მხრიდან დანარჩენი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისის მიმართულებით გადაადგილებას – ეს სრულიად ლოგიკური იქნება", – ამბობს თამაზ ძაგანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100