ადამის ნეკნიდან (მოთხრობა)
„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.“
გვანცა
ის ერთერთი პირველი გამოვიდა აეროპორტის ნერვების ამშლელად ხშირად გაღებად–დახურვადი კარებიდან. გამოვიდა და ერთბაშად მიიქცია მამაკაცების ნერწყვმომდგარი ყურადღება. კახა მოშორებით იდგა. რა თქმა უნდა, უცბადვე შეამჩნია. რამოდენიმე წამით დააყოვნა მისვლა.
უნდოდა, დამტკბარიყო იმ შეგრძნებით, თუ შემკრთალი თვალებით როგორ ეძებდა ამდენ ხალხში ეს ყველასთვის საოცნებო არსება მხოლოდ მას. „გიჟი ქალია! ორი წელი გავიდა უკვე და დღესაც მიკვირს, ჩემში რა დაინახა ...“. თან იგრძნო, როგორ არანორმალურად მონატრებოდა ამ ათ დღეში. მოენატრა მისი გულიდან წამოსული ბავშვური ხითხითი, როცა მის ხუმრობაზე სხვასაც ეცინებოდა და ეს უხაროდა ხოლმე.
მოენატრა, დივანზე თათარივით ფეხმორთხმული ეკრანში რომ ძვრებოდა საშინელებათა ფილმზე. მოენატრა მისი გრძელი ფეხების მოფერება. მოენატრა მისი მუხლების კოცნა, ნებისმიერ ტოპ–მოდელს რომ შეშურდებოდა, ისეთი მუხლების...
–რა უბედურებაა, როგორ თოვს და ცივა! კარგი ამინდი ვერ დამახვედრე? – წაიღუღუნა გვანცამ, მანქანა აეროპორტის ავტოსადგომის შლაგბაუმს რომ გასცდა და ფანტელებმოფენილ გზას ნელა შეუყვა.
–სამაგიეროდ კარგი ამბები დაგახვედრე ! ჯერ ერთი, არანორმალურად მომენატრე, მერე ის, რომ დღეს დილით გემი შემოვიდა შენი ჯიპით, კონტეინერი გახსნეს უკვე ... გიორგამ, საკაიფო მანქანაა, მაგარ ვიდშიაო... ხვალ გააბაჟებს იქვე და საღამოთი ... ხომ დამაპიპინებინებ?
–ვნახოთ, როგორ მოიქცევი! – სიბნელეში მანქანის სალონი გვანცას ღიმილმა გაანათა – მაგარი რა, ახალზე უკეთესიაო?
–კაი, გვანც! ხომ იცი, ახლა ცოტა გაჭედილი ვარ... ცალკე შენი ფირმის შტრაფები დამემატა... გაუშვი რა ის ბატი ბუღალტერი, მერე რა, რომ შენი დაქალია? დაგღუპავს...
– ხათუნას რას ერჩი, ზატო ერთგულია... მანქანა კი... რომ გნდომებოდა, პორტიდან კი არა, ცენტრიდან გამოიყვანდი ჩემთვის მაგ მანქანას...
ამჯერად კახას ტვინში გაელვებულმა „რომ გნდომებოდა“–მ გაანათა სალონი... გვანცა გადმოიხარა მისკენ, ხელზე მიეხუტა და ჩასჩურჩულა – მეც ძალიან მომენატრეეეე ... – სალონში ისევ ჩაბნელდა.
–დღეს ვერ ამოხვალ ჩემთან? ლიზა დეიდასა და ბებიამისთან არის ეს დღეები... თუ ჩემთან ტეხავს... შევაჭრა მეტეხში? – კახას ხმაში მუდარანარევი ნდომა გაერია.
–არა! ... ვერა! ...ხომ იცი... იკა მელოდება. იცის, რომ ჩამოვდივარ და არ დაიძინებს უჩემოდ.... ხვალ დილიდან, როგორც კი მოიცლი, სადაც დამიძახებ, იქ გავჩნდები! ხომ მოიცლი, ჩემო ბუზღუნა?
სალონში დათბა, დათბა კი არა, კახას დაცხა, გული პატარა ბიჭივით აუჩქროლდა..
– ხვალ დილის 6 საათზე ამდგომი ხარ? მე მაგ პერიოდიდან მცალია შენთვის...–ჩაიბუბუნა, ფიქრებმა გულის ცემის რიტმში დაიწყეს მოძრაობა . „ახლა ხომ არ ვუთხრა? ... აბა როდემდე ვიყოთ ასე? ლიზა უკვე დიდი გოგოა, იმედია გამიგებს ... რამდენი გავიდა თათიას შემდეგ? ხუთი წელი...წესით, ბებიამისმა არ უნდა ამიბუნტოს.... მე მგონი, მიყვარს ეს გოგო... აბა სხვა რაღაა სიყვარული? ყველაფერი მემეტება მისთვის ... დაშორებიდან ორ საათში მენატრება ... არანორმალურად მომწონს ... საკაიფო ბიჭი ჰყავს, ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობით ... იმ დღეს, ბეთანიაში მწვადებს რომ ვწვავდით, ტკიპასავით იყო მოკრული ... რატომაც არა? ... არ დაიღალე მარტოობით? .... მარტოობით რატო, ეს ბოლო ორი წელია პრაქტიკულად სულ ერთად არ ვართ? ....“
– გვაანც! რამე რო იყოს, ჩემნაირ კაცს გაყვებოდი ცოლად?“ – კახამ მთელი თავისი თავი ჩააქსოვა, რომ ფრაზა წყნარი გამოსვლოდა და არა მეხის დაქუხება... მანქანაში მარტო საბურავების შრიალი ისმოდა. კახას საკუთარი გულის ცემა ესმოდა კიდევ.... ისევ სიჩუმე ...
–არ მეტყვი არაფერს? – კახამ ხმაში ვიბრაცია უკვე ვეღარ დამალა, ერთ ყლუპ წყალში ახლა ბევრს მისცემდა .... ეცადა, თავი ხელში აეყვანა .– რაც გინდა, ის მითხარი. ოღონდ ჩესტნად! ... მხოლოდ სიმართლე მითხარი“ – ტვინში ისევ წამოტივტივდა „რომ გნდომებოდა“... ისევ საბურავების ხმა...
–კახა! მე არავის არ გავყვები ცოლად...“ – დაარღვია სიჩუმე გვანცამ, –არ ვიცი... მერე... ოდესმე... რომ მოვჭკნები ... ვინმე ჩაქცეულ ბებერს... – გვანცას სიცილშიც აღარ დაიმალა ნერვული ნოტები...– უკვე საკმარისად ვნახე ოჯახური ბედნიერებაც და ქმრის ....ოთხი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი... მე თავისუფალი ადამიანი ვარ ... არ ვაპირებ, თავი შევიზღუდო ფარატინა ქაღალდით რეესტრიდან ან მამაოს ნახევარსაათიანი პრუტუნით... დღეს გიყურებდი, როგორ კაიფობდი, ამდენ ხალხში, მარტო შენ რომ შეგეძლო ჩემთან მოსვლა... ეს იმიტომ, რომ მე არ მივეცი მათ ჩემთან მოსვლის უფლება...როგორ ფიქრობ. ნება რომ დამერთო, ვინმე დარჩებოდა გვერდზე? ...და ... როგორ ფიქრობ, არ მოიძებნებოდა ვინმე, ვინც სიამოვნებით გაიქცეოდა „ტოიოტას“, თუნდაც „მერსედესის“ ცენტრში?“
მანქანამ პეტრიაშვილი აიარა და ბარნოვზე შეუხვია.
– ჩემო ბუზღუნა! დილით გამოვიძინებ და აზრზე რომ მოვალ, დაგირეკავ! ნუ მიბრაზდები, ხომ იცი, ძალიან მიყვარხარ!.. – გვანცა გადმოიხარა და ლოყაზე აკოცა. მისმა შავმა აბრეშუმის თმებმა ნახევარი სახე აუალმურა....
კახამ ლიფტში შეაცილა ქალი, ჩემოდანიც შეაგორა:
–გვანცა! სულ ამომვარდა თავიდან.... ხვალ დილაადრიან მე და ვაგიფა ბაქოში მივდივართ მაგის მანქანით... მოწოდებაზეა პრობლემები ... არ ვიცი ... ალბათ დიდი ხნით...
ნატა
სამოქალაქო რეესტრის ქორწინებათა რეგისტრაციის ოთახი იმაზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ნატა ელოდა. გიასთან საერთოდ არ მოუწერია ხელი, ოჯახში მიღებული რძალი იყო და იმ ჩაბნელებულ დროს ვის ექორწილებოდა ან ემმაჩებოდა. დიტოს მამის გვარი აქვს, გია ავად თუ კარგად, მაგრამ მამობს და მეტი არც უფიქრია არასოდეს.
ან როდის უნდა ეფიქრა, გიას ოჯახის პომპეზურობამ თუ კუდაბზიკობამ და ქმრის ჩვარივით ხასიათმა უცბად დაღალა, თვეების ბავშვს მოჰკიდა ხელი და სახლში დაბრუნდა. რეზოსთან კი ჰქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ ქალაქის მმაჩის თუ რეესტრის მაშინდელ შენობასთან ეს მაინც სასახლედ გამოჩნდა.
თავისი მესამე და ბაჩოს მეორე ქორწინება კი ზარზეიმით რომ აღენიშნათ, ყველასთვის დასაცინები აღმოჩნდებოდნენ. ოთახში კოპწიად და ხაზგასმულად საზეიმოდ ჩაცმული შუა ხნის სიმპათიური ქალი დახვდათ. მომრგვალებულ საწერ მაგიდასთან მიიპატიჟა ნეფე–პატარძალი და ორი მეჯვარე. ბაჩო მის პირისპირ დაჯდა. მთელი ოთახი შეავსო თავისი ორმეტრიანი, ჩაფსკვნილი ტორსით.
განიერი ყბები დაძაბულად გამოიყურებოდა, ღრმად ჩასმული პატარა თვალებით კი მოუთმენლად, თითქოს რაღაცას ეძებსო, ოთახს ათვალიერებდა. „ნერვიულობს თუ ყოყმანი დაეწყო?“ – ნატამ გულში ირონიულად ჩაიღიმა. კოპწია ქალბატონმა ტრადიციული სიტყვა დაიწყო ოჯახის მნიშვნელობაზე.
„გარემონტებული რეესტრი უძახე და სიტყვები კი იგივე დაუტოვებიათ...“ – იგივე ტონალობაში გააგრძელა ფიქრი და მზერა მომავალი მეუღლის ბომბორა თავიდან კედელზე დაკიდებულ სურათზე გადაიტანა. სურათი აბსტრაქტულ სტილში იყო შესრულებული. ნაცრისფერ ფონზე მოცისფრო, წაგრძელებული კვადრატები ძალიან წააგავდა ეკრანებს, ეკრანები თითქოს ერთმანეთს ფარავდნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მათზე გაელვებული კადრების გარჩევა ...
კადრი – ლაშამ დაუკაკუნებლად შემოაღო კარები და მძიმედ ჩამოჯდა სკამზე. ნატამ ის ჯერ კიდევ ეზოში შეამჩნია. მიხვდა, ვერ იყო ხასიათზე. გაზქურას არ მოშორებია, ბავშვს სადილს უცხელებდა. „–რაო, ახალმა უფროსმა?“ ლაშამ სიგარეტის ბოლო ღერი ამოიღო კოლოფიდან, ნერვულად მოუკიდა „– რაო და იმ ახვარმა, ყველა სამსახურის უფროსმა და მოადგილემ განცხადება დამიწერეთო... ეგ ნაბიჭვარი ამერიკაში რომ გულაობდა, მე აქ ბანდიტებს დავდევდი... ღუპავენ ქვეყანას, ესენი ვინ არიან!“ – ცარიელი კოლოფი ხელში მოჭყლიტა და ურნისკენ ისროლა, ვერ ჩააგდო. შიში მოეძალა –„ცოტა მაინც დამცლოდა, სანამ ტავარი გაივლიდა... ეგ პარტია რომ ჩამივარდეს, აი დანძრევა მერე ნახე, ასიანი ტრუპი ვიქნები...“.
წამოდგა, შავი ფიქრები რომ გაეფანტა. ნატას ზურგიდან მოეხვია, თმებზე აკოცა „–მთავარია, შენ გიყვარდე! ზოგი ჭირი მარგებელია ... ახლა სულ შენთან ვიქნები ... თორემ რა იყო? სულ სამმართველოში ვეგდე, ოჯახთანაც უნდა მივსულიყავი კვირაში ერთი–ორი დღე... ქურდივით შემოვიპარებოდი ხოლმე ....“ ნატა გადაიზნიქა ლაშასკენ, სახეზე თმებით მიელამუნა „–მე შენ ყოველთვის მეყვარები! სიკვდილამდე...“
კადრი – ბუნგალოდან შედარებით ადრე გამოვიდნენ. რეზოს ძმაკაცები ძალიან ეხვეწნენ, დარჩიო. გასაგები იყო, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ „ამ თემაზე“ ყველა მრავალმნიშვნელოვნად დუმდა. კი სიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ რატომღაც წრიალებდა ერთ ადგილზე. სახლი იქვე ჰქონდა დაქირავებული, სამას–ოთხას მეტრში.
ლაშას მანქანა შორიდან შეამჩნია. რეზოს მიუტრიალდა „–აქედან მარტო წავალ ... სჯობია ... არ მინდა, ჩემებმა დროზე ადრე გაიგონ... ხვალამდე... პლიაჟზე შევხვდებით“.
ლაშა წინკარში იჯდა, სიგარეტს ეწეოდა.
–ლაშაა?! ... როდის ჩამოხვედი?.. – ლაშამ სიგარეტი ლამის შუა გზამდე მოისროლა წკიპურტით.
–დაახლოებით ორი საათია... აქ გელოდებოდი... მივხვდი, სახლში არ იყავი.. სპაციალურად არ დაგირეკე... მაინტერესებდა, როდის მოხვიდოდი და ვისთან ერთად... – ნატამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი –კარგი რა, ლაშა! არ დაიღალე ამ გამუდმებული ეჭვიანობით? სახლში რატომ არ შეხვედი?“.
ლაშამ ნერვიულად ჩაიცინა:
შენი სიყვარულით რომ დავიღლები, ეჭვიანობითაც მაშინ ... სახლში კი, რა ვიცი... ხომ ვიცი, უტყდება მამაშენს, მაინც საყვარელი მქვია ...ჯერჯერობით მქვია... ხო, ნუ მიყურებ გაოცებული ... წამოვედი ოჯახიდან... შენთან წამოვედი...
ამჯერად ნატა ჩამოჯდა წინკართან სკამად დაგებულ ფიცარზე:
– ლაშა! მე ვთხოვდები ... პრაქტიკულად ... გავთხოვდი....“. კაცს თვალები სისხლით აემღვრა.
– ვისზე?“ – ამოიხრიალა ...
– ჩვენი ქალაქელია, შეიძლება იცნობ კიდეც... რეზო ... მთავარი არქიტექტორის ...ყოფილი მთავარის ... შვილი.... ლაშა! ძალიან გთხოვ,... უნდა გაიგო...მე შენ ძალიან მიყვარხარ... ყოველთვის შენ მეყვარები ... მაგრამ მეც მინდა ბედნიერება, ოჯახი... დავიღალე, ძალიან დავიღალე... და მე ჩემი ბედნიერება არ მინდა შენი ოჯახის დანგრევის ხარჯზე... ლაშა! ნუ მიყურებ ასე, მითხარი რამე!
ლაშამ ხმაურით ჩაისუნთქა.
–არააააააააა ! – ყვირილმა ქუჩა გარინდა... „ძუკნა ყოფილხარ!“ – ჩაისისინა და ღობის ძირს მადიანად მიაფურთხა... ნატა იქამდე იჯდა გაუნძრევლად, სანამ მკვეთრად დაძრული მანქანისაგან დამდგარი მტვერი ბოლომდე არ დაეფინა ასფალტს. ვერ დგებოდა, რადგან მტვრის თითოეული ნაწილაკი სილას აწნავდა...
კადრი – შუაღამე კარგა ხნის გადაცილებული იყო, რეზო რომ შემოვიდა სახლში,
–დოდო, რავა ხარ! ისევ ეწევი პაპიროზსა? – მიესალმა დედას. დოდო ცივად ადგა და ოთახიდან გავიდა. ნატამ ახედა:
–ისევ კაიფში ხარ? შენ ხომ დამპირდი... როგორ დამპირდი!... მამაჩემი დავკარგე შენს გამო, ნარკომან სიძეს მკვდარი ქალიშვილი მირჩევნიაო ... დიტოს კვირაში ორი დღე თუ ვხედავ, ბებიამისი ზრდის ფაქტიურად ... როგორ დამპირდი!!!...
დაფიცებული ჰქონდა, აღარასოდეს აღარ ვიტირებო, მაგრამ ცრემლები მისდაუნებურად უსველებდა თვალებს. რეზო სავარძელში ჩაეხეთქა, სიგარეტს მოუკიდა, თვალები მილულა:
–კარგი რა, ნატუშკა! სკრიპაჩს ხომ არ მიყვებოდი ცოლად, რა გატირებს.... დიტუნა რატომ არ გადმოგყავს ჩვენთან? დაქნეულ მამამისთან რა უნდა? აქ მეტს არ ისწავლის?... ცხოვრებას ისწავლის.... კაი კაცობას ისწავლის.... ჰო, მართლა! შენი ის როჟა დაუჭერიათ... აი, ის მენტი... რა ერქვა? ლაშა, არა? ... წამალი თურმე ტონობით დაჰქონდა მაგ ნაბოზვარს...პაჟიზნენი აირტყა ... შენ კიდევ მე მიტრაკებ....
სიგარეტი იატაკზე დავარდა ... გარეთ განათდა, ჩიტები აჟრიამულდნენ... ნატა ისევ გულაღმა იწვა თვალებგახელილი... რეზო გვერდზე წყვეტილად ხვრინავდა დაღლილი. კაიფში მაგრად იწვალა ორგაზმზე, ლამის გამთენიამდე ....
კადრი – თვალები დახუჭული ჰქონდა, ქუთუთოებს ვერ ერეოდა... ესმოდა, როგორ გაიყვანა ბებიამისმა დიტუნა... წამით ოდნავ შეღებული ქუთუთოებიდან ბუნდოვნად დაინახა მამამისის შეშინებული სახე და დოდო სიგარეტით ხელში... ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ყურში ეწვეთებოდა:
–მგონი ჩაეძინა! ექიმმა, რაც შეიძლება მეტი უნდა ეძინოსო...
–შვილო! ეს რა დღეში მყავხარ! ... ანალიზის პასუხებზე რა თქვა?
–რაც გითხარი... თვეები შეიძლება გაგრძელდეს პროცესიო... მკურნალობა უნდაო... ორგანიზმი უნდა დაგვეხმაროს და .... იღბალიო... ოხ, რეზო! რეზო! როგორ სჭირდები ახლა შენ ცოლს! ... ამ გოგოს მივხედო მე ახლა თუ შენ ციხეში... საკუთარი სიამოვნებისა და მაგ საზიზღრობის გამო ციხეში რომ მოხვდება კაცი, შესაცოდებელია?
კადრი –
–შვილო! მოეშვი მაგ კომპიუტერს, დილიდან საღამომდე რომ ჩასჩერებიხარ... არ გითხრა ექიმმა, რაც შეიძლება მეტი გეძინოსო... გავდივარ, პენსიას ავიღებ... გარგარსაც გიყიდი...
ნატამ ის „სახულიგნო“ ჩატი ჩაკეცა და სკაიპი ჩართო. შორენა არ იყო შემოსული... ეკრანმა ჩაიძინა და გაშავდა... საკუთარ გამოსახულებას შეხედა:
“რამდენი ხანია, სარკეში არ ჩამიხედია!.. ცარიელი ცხვირი და თვალები ვარ დარჩენილი... ამ წამლებითაც ტყუილად ვიჭყიპები, იაფი მაინც ღირდეს... ძალიან მიმალავს მამაჩემი, თითქოს ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები, მანქანა რომ გაყიდა... უკან და უკან მივდივარ... ალბათ მალე მოვკვდები... როგორ მომენატრა დიტუნა... იმედია, იქამდე არ წავალ, სანამ არ ჩამომიყვანენ ბორჯომიდან...“
სკაიპმა დაიჭყლოპინა. „შორენა? ... არა! ეს ვინღაა??“ ეკრანზე ვიღაც უცნობი ნიკის მესიჯების სერია მოეყარა. მესამეჯერ გადაიკითხა. აღარ იცოდა, გასცინებოდა თუ გაბრაზებულიყო : „პრივეტ :) კამერა გაქვს? არ გინდა, გაიხადო? მეც გავიხდი“. კი მიაბლოკა, მაგრამ გაეცინა... „სახულიგნო“ ჩატი გახსნა, თვალები ჭინკებით აევსო, თავის ანკეტაში ღიმილით ჩაწერა „გთავაზობთ ფასიან ვირტუალურ სექსს“
კადრი –
–ოჰო! იმ ტიპს ჯეობეთზე ჩაურიცხია ოცი ლარი... კიდევ კაი, ზაფხულია... არადა როგორ ვიღლები ტოპიკის გახდითაც კი... საერთოდ გამოცლილი მაქვს ენერგია... ერთი ვნახოთ, ეს ვინღაა... ვინ იქნება და სხვებივით მახინჯი ანანისტი იქნება.... კიდევ კარგი, სახეს არ ვანახებ არავის... სახეს თორემ, კიდევ არ მნახოს ვინმემ ოდესმე ქუჩაში“....
ნატამ ნელა გაიხადა ტოპიკი, მონიტორისკენ მოტრიალდა სახით. ეკრანზე ინტელიგენტური სახის ორმოცს გადაცილებული კაცი ჩანდა, რომელიც ხარბი თვალებით კი არა, აშკარა ინტერესით ათვალიერებდა მის უკვე ზედმეტად გამხდარ და შიშველ ტანს. ნატა ოდნავ დაიბნა
–შენ ... თქვენ! არა, თუ ...უკვე?–ინტელიგენტური სახეც დაიბნა:
–რა მე? მე რამე უნდა გამეკეთებინა? – და სახეს სიცილი აუტყდა, –თქვენგან მოცეკვავე ნაკლებად... არც მე მაინტერესებს სტრიპტიზი, მით უმეტეს ასე. იქნებ ხვალაც შევხვდეთ აქ?“.
კიდევ უფრო დაბნეულმა ნატამ მხრები აიჩეჩა თანხმობის ნიშნად. საღამოს კი ინტერნეტ–ტოტალიზატორში შესვლისას სულ დაიბნა, ვიღაცას ათმაგი „სტავკა“ ჩაერიცხა. მეორე დღეს მოუთმენლად ელოდა „ინტელიგენტურ სახეს“.
სახემ კი ეკრანზე გამოჩენისას საბოლოოდ გააოცა პირველივე სიტყვებით „მე სულის სტრიპტიზი მაინტერესებს, ანუ თქვენი სულის გაშიშვლება. თუ ამგვარი სეანსისათვის ჩარიცხული თანხა საკმარისი არაა, თქვით, არ მოგერიდოთ! თქვენ მხოლოდ აბსოლუტური გულწრფელობა მოგეთხოვებათ ჩემს კითხვებზე და .... სახის გამოჩენა... მე დემეტრე მქვია!“
კადრი – ნატა “კონრადის” ნომრის ფანჯრიდან ბოსფორს გადაჰყურებდა. გემები, თუ კარგად არ დაუკვირდებოდი, იფიქრებდი, ადგილზე დგანანო. დემეტრე საძინებლიდან გამოვიდა:
–ნატაა! ... ცოტა ხნით ჩუ! ოჯახში დავრეკავ.... შენ კიდევ არ ჩაგიცვამს?? კაი რა, ნატა! დაგვაგვიანდება, უხერხულია... ბოლობოლო, შენი სახელოსნოა თუ ატელიე, მის აპარატურის მოწოდებაზეა საუბარი.
ნატა მოტრიალდა, დემეტრეს მიუახლოვდა, ხელები კისერზე მოხვია, –დემე! მე შენ ძალიან მიყვარხარ! შენ მე სიცოცხლე მაჩუქე! ამ ერთ წელიწადში შენ გამაგებინე, ბედნიერება რა არის...მე შენ ყოველთვის მეყვარები! სიკვდილამდე...
დემეტრემ წელზე მოხვია ხელები, თავისკენ მოიზიდა ქალი, ნატა მოეშვა და მთლიანად მიენდო...– ნატა! მართლა გვაგვიანდება! – ათრთოლებული ხმით დაიჩურჩულა დემეტრემ, –ცოტაც და მეც დავიკიდებ შენ აპარატურასაც და იმ თურქებსაც!.. – ლიფტი წკრიალით დაიხურა და ქვემოთ დაეშვა. დემეტრემ თავისთვის, ნაღველგარეული ხმით ჩაილაპარაკა: –შენ მე არ გიყვარვარ! შენ ჩემი სიყვარული გიყვარს! – ნატამ ვერ გაიგო მისი ნათქვამი. ლიფტში წყნარი, მელოდიური მუსიკა ისმოდა, ქურქის აწეული საყელო კი ყურებს უფარავდა....
კადრი – ატელიეში მარტო დარჩა. გარეთ ფანტელებმა წამოყარა. არანორმალურად ციოდა. იჯდა დივანზე, მოპირდაპირე კედელზე ერთ წერტილს უყურებდა და ეწეოდა, ეწეოდა, ეწეოდა .... ტელეფონის ზარმა შეაკრთო.
„ნატაა! ისევ ატელიეში ხარ? ვერ დაგირეკე ლამის მთელი საღამო. ოჯახს ალყაში ვყავდი. რას უზიხარ, წადი სახლში. ხვალ შუადღისას ჩამოგივლი და დავუბეროთ ბათუმში... იქაც კი ცივა, სამაგიეროდ არტურა საქსაფონზე უკრავს საღამოს... ალო! რას გაჩუმდი? მოხდა რამე?“
ნატამ მთელი გამბედაობა მუჭში მოკრიფა და მკვდარი ხმით უპასუხა: „შენ ვერ ატყობდი, დემე... ახლაც ვერ ატყობ... ძალიან გთხოვ,... უნდა გაიგო და უნდა მაპატიო ... მე შენ ძალიან მიყვარხარ... ყოველთვის შენ მეყვარები ... მაგრამ მეც მინდა ბედნიერება, ოჯახი... დავიღალე, ძალიან დავიღალე... დემე! მე ვთხოვდები... პრაქტიკულად ... გავთხოვდი...“ – ტელეფონში სიჩუმემ დაისადგურა. „ვინ არის?“ – ნატამ კაცის ერთბაშად ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო. „რაგბისტია, ყოფილი რაგბისტი... ნაკრებში თამაშობდა... ახლა უმუშევარია, საქმეს ეძებს, რაღაცას ჰპირდებიან... შენ ახლა... შენ ახლა უნდა დაიყვირო?“– ნატამ ისევ ვერ იცნო დემეტრეს ხმა, იმდენად გაიყინა რამოდენიმე წამში –კი, უნდა დავიყვირო! აუცილებლად დავიყვირებ! ძალიან ხმამაღლა! ყველა რომ გაიგებს, ისე! ძუკნა ყოფილხარ!“.
სიგნალიზაცია ჩართო და ატელიეს კარები გადაკეტა, გარეთ გავიდა. სუსხს ვერ გრძნობდა, მხოლოდ იმას, თითოეული ფანტელი სილას როგორ აწნავდა...
ჯერ ბაჩოს კვადრატული ყბები ამოძრავდა და მერე გაიგო ნატამ ხმა: „კი, თანახმა ვარ!“. მზერა კოპწია ქალბატონზე გადაიტანა და ჩუმად უპასუხა: „დიახ, თანახმა ვარ“, –მისი ფიქრები კი ისევ ირონიულ ტალღაზე იყო მოწყობილი – „ჯერჯერობით თანახმა ვარ, ვნახოთ ....“ .
ლინდა
„ – მისტერ დევარ! მისტერ პურანას! მშვიდობიან და სასიამოვნო ღამეს გისურვებთ! დარწმუნებული ვარ, გოგონები დიდხანს არ დაგავიწყებენ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას და ქალაქს!“ - ჩაანგლისურა ილურიძემ.
ორი დაბალი, ჩამრგვალებული ინდუსი შიდა ვესტიბიულისკენ, ლიფტებისკენ გაემართა. მათ კუდში ორი შხვართი გაჰყვა. ილურიძე ისევ სავარძელში ჩაჯდა, სიგარის ბოლო კონიაკში ჩაკრა, გააბოლა, დაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი სახით გადახედა კოკას და დარჩენილ გოგოებს:
- კოკაა! ხვალ დილამდე თუ ამათ არაფერი არ გადაიფიქრეს, მაშინ იმაზე იფიქრე, დავოსში გირჩევნია დაჩა თუ ნიცაში! გოგოებმა უნდა ივაჟკაცონ, ფიქრის პრასვეტი არ უნდა დაუტოვონ... ლინდა! რას იტყვი, ხო არიან პროფესიონალები შენი დაქალები? დავისვენოთ, კოკა, ჩვენც... შენ რომელს აიყვან ნომერში?
– მე კოკასტან ცავალ! – დაასწრო ყველას ლინდამ, მწვანეთვალება, შიშველ მხრებზე მუქი ბორდოსფერ თმებდაყრილმა მზეთუნახავმა, მერე კი ჩაიკისკისა – გოგოებზე კი ... რა ვიცი, ბატონო გოჩა, ტუ პიდერები არ არიან ტკვენი სტუმრები...
„აუუ, როგორ მკიდია დავოსიც, ტაიტიც, შენი ხვალინდელი კონტრაქტიც და ეს წაკლებიც ... ზეგ ანალიზის პასუხები იქნება, მაკუნას „ის“ რომ დაუდასტურდეს, მერე როგორ ვიცხოვრო?“ – გაიფიქრა კოკამ, სავარძლიდან წამოდგა და ზანტად გაიღიმა:
– სად წავლენ, ბატონო გოჩა! კონტრაქტს ხვალ დილით ფაიზაღი მოაწერენ ხელს და მერე ... მერე დელო ტეხნიკი...
კოკამ „შერატონის“ ნომრის შუშის კედლიდან ზღვას გახედა, ღელავდა... ღამის წყვდიადში „ინტურისტი“ განათებული ასანთის კოლოფებივით ჩანდა ფანჯრიდან. „ჰმ. ჯერ კიდევ ამ ზაფხულს რა ბედნიერები ვიყავით მე და მაკუნა ინტურისტში... ნომრის ვერანდაზე ზაგარს რომ იღებდა... ზაფხული კი არა, რვა წელმა რა უცბად გაირბინა ... რატომ არსებობს ასეთი საშინელება ? არადა, ცხოველიც რა საზიზღარია, ავადმყოფობასავით...“
–შენ არ გინდა დუში? –კოკა ლინდას ხმამ მოატრიალა. აბაზანიდან გამოსული, თეთრ ხალათში თმებს იშრობდა პირსახოცით. კოკა სავარძელში ჩაჯდა:
–არა.... შენ თუ გინდა დაიძინე... არაფერი არ იქნება.– ლინდა გაოცებული მოტრიალდა. ნახევრად შეკრული ხალათიდან იდეალური, თეთრი, მკვრივი სხეული გაშიშვლდა, სახეზე ირონია დაედო. –რატომ? არ მოგცონვარ? ტუ ... არ გიდგება? ბევრია ასე... არა უშავს... ნე ვალნუისსია, ია მაგილა! ტუ გინდა, ვცადოტ მაინც. მე მკვდარს ავაკენებ! – გულწრფელი კისკისით დაასრულა.
– ახი არაა, გადააბრუნო ახლა ეს და დილამდე არ ჩამოხვიდე? თუმცა, ძაანაც არ გააკვირვო... გოჩა მეუბნებოდა, მთავრობას პოლნი სასტავში და ნახევარ პარლამენტს ჰყავს ეს გაჟიმული, ლამის ოფისი გახსნას და წინასწარი ჩაწერით დაიწყოს ხალხის მიღებაო... – კოკას გაბრაზების სურვილიც კი არ გასჩენია დაცინვაზე და მისდა გასაოცრად, წყნარად თქვა:
–არა, პროსტა განწყობა არა მაქვს... მეუღლეა ცუდად... ძალიან ცუდად... – ლინდა მოწყვეტით დაჯდა საწოლზე.
–პანიმაიუ... ტუ არ გედზინება... ტუ გინდა ... ვილაპარაკოტ! მე ვიცი, რა არის ავადმკოპობა...
–ავადმყოფობა იცი? რავი, შენისთანებზე ამბობენ, მაგრა უვლიან თავსო, გინეკოლოგი, ვენეროლოგი, რამე... შენ, ეგეთ სტაჟიან ვიპ პუტანას მაინც გაგეპარა ტრიპერი?– ბოროტად შესცინა კოკამ.
ამჯერად ლინდა იყო კოკასთვის გასაოცრად მშვიდი.
– ზაჩემ ტი ტაკ? იაზვიშ ... მე რომ აკ ვარ... მე გული მაკვს მაინც... პროსტო, ვი, მუჟიკი, იო ნე ვიდიტე. შვილი მკავს ავად... დზალიან ავად....
კოკას დენმა დაარტყა „ამასაც იგივე? ასეთ პატარას??? ოღონდ „ის“ არა...“ და ძალიან ჩუმად ჰკითხა: „რა სჭირს?“ – ლინდა მხრებში მოეშვა, ფეხები შეიკეცა, მუხლებს ნიკაპი დააყრდნო: „ცერებრალნიი პარალიჩი... ისე, ჩემი დის შვილია... ჩემმა დამ უარი უნდოდა და ჩაბარება ეგეტის... ტვიტონ ცავიდა ზა გრანიცეი... მაშინ ალიოხა ორი ცლის იკო... ოპერაციები გავუკეტე გერმანიაში, მერე რეაბილიტაციონნიი კურს ავსტრიაში... ეტო ოჩენ დოროგო... ია ნა ნეგო ვკალივაიუ, ტოგდა ნაჩალა ვსიო ეტო... სლავა ბოგუ, ახლა უკვე დადის... ჩემმა დამ დოკუმენტები უკვე გამოგზავნა ... უსინავლიუ სკორო... ვ სენტიაბრე სკოლაში ცავა ნორმალური ბიჩივით“, – კოკას ერთი წამით მოეჩვენა, რომ მის წინ საწოლზე დედამისი იჯდა, მისი დედიკო, ყველაზე ლამაზი ქალი დედამიწის ზურგზე:
–ლამაზი გოგო ხარ! გიყურებ, ჭკვიანიც... არავინ არ გყვარებია არასოდეს? ვ სმისლე, ბიჭი არ გყვარებია? დავიჯერო, არავის არ უყვარხარ? ნუუ... ვინც ეს არ იცის...
ლინდას თვალებში ეშმაკუნამ გაიელვა წამით, წამის მეათასედით, მერე კი სევდა ჩადგა:
–მე მაგის უფლება არ მაკვს, კოკა!... სიკვარულის... ტუ მოვატკუე, მაშინ ეტა ნე ლიუბოვ, პროსტო სექსი კი... –ისევ გაიელვა ეშმაკუნამ, –და საკვარელ კაცს ისე რა ვუტხრა? სექსი მაქვს სხვასტან, სამსახურში ვარ და დამელოდე დილამდე? ვოტ, სტანეტ ალიოხა ნა ნოგი ბოლომდე, ცავალტ სადმე სხვაგან, ვაზისუბანში მე რა პრასვეტი მაქვს? ...ვიმუშავებ ი პატომ ესლი ბოგ დასტ .... დგეს დილიტ რებიონკუ ტემპერატურა მოიმატა, დედაჩემტანაა... ტემპერატურა და გრიპმა, დოკტორ გოვორილ, შეიდზლება რეაბილიტაციონნი პროცესი გააჩეროსო... მოჟნო, პოზვონიუ დომოი? სულ ერტი ცუტი...
ლინდამ ტელეფონი გათიშა და კოკას გადახედა:
–რატომ იცვამ კურტკას? სად მიდიხარ?
–თბილისში! მაკუნა მარტოა ბავშვთან, ალბათ ნერვიულობს. შენ რას იზამ, წამოხვალ? მაყუთი აღებული გაქვს უკვე? კაროჩე, თუ გინდა დარჩი...
–ა კანტრაკტ??? ...ა კაკ ჟე ნიცა ???...ხუტი ცუტი დამელოდე, ჩავიცვამ, მოვდივარ!“
P.S. - მე კარგად ვიცი, რომ ქვეყანაზე ქალის კიდევ ძალიან ბევრი სახელია და კიდევ ძალიან ბევრი ქალია. მე კარგად ვიცი ისიც, რომ არც ერთი მათგანის განსჯის უფლება არ მაქვს... მაგრამ მაქვს ფიქრის და თქმის უფლება...
ზურა აბესაძე, 15 თებერვალი 2012 წელი.
კომენტარი