სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული საწამლავი საქართველოში...

პოლიტიკა, რომ ბინძური საქმეა ხშირად გვესმის ხოლმე, მაგრამ ეტყობა ქართულ სინამდვილეში ეს აღმატებით ხარისხში უნდა ვიგულისხმოდ და თუU ასე გაგრძელდა ქართული პოლიტიკა ალბათ, კიდევ კარგა ხანს დარჩება „ავგიას თავლის“ სინონიმად.
საშინაო პოლიტიკურ კორიდაზე უკვე ყოველდღიურ რუტინად ქცეული ერთმანეთის კბენა-ღრენა და ლანძღვა-გინება ბავშვურ თამაშად მოჩანს იმ ფონზე, როცა პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თბილისი-მოსკოვი-პეტერბურგის რეისზეა გაკრული და ვინძლო 37 მანეთიანი გადაფრენა-გადმოფრენის ნოსტალგიაც ეუფლება ღრუბლებში ფრენისას.
მეორე ნაწილი კი ალბათ გულზე სკდება რომ „ურდოში“ ჩასვლა დაასწრეს და ახლა გეგმებს აწყობს რათა დიდ „ყაენს“ ეახლოს, მუცელზე იხოხოს და თავისი თავი შესთავაზოს.
კაცმა რომ თქვას შესათავაზებელი ასორტიმენტი არცთუ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ცხადია, ეს „ურდოშიც“ იციან და როცა საჭირო გახდება ისე მოექცევიან, როგორც ვადაგასულ პროდუქტს - ნაგავში გადაუძახებენ; მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის, რომ შესაძლოა მდარე, მაგრამ კარგად შეფუთულმა და რეკლამირებულმა პოლიტიკურმა პროდუქტმა მოსახლეობა დაწამლოს. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ერიდოს შემდეგ პოლიტიკურ სუროგატებს:
1 ალექსანდრე ებრალიძე და მისი „ჰამქარი“. ეს, როგორც ამბობენ, კრიმინალური წარსულის მქონე ბატონი, რომელიც „პერედაჩისა“ და მყრალი ბალანდის ასოციაციას იწვევს, როგორც ჩანს, რუსეთისათვის იგორ გიორგაძის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. ფინანსებიც არ აკლია და ამბიციებსაც არ მალავს, მაგრამ არა მგონია საწადელს ეწიოს, თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
2. ზურაბ ნოღაიდელი – ყველა მთავრობაში ნამყოფი დიდი სტაჟის მქონე და ქართულ პოლიტიკაში ერთ უწყინარ ცხოველთან გაიგივებული, ძალიან უგემური „პროდუქტი“, რომელიც ვიზიტს ვიზიტზე მართავს, აგერ დარბაზობაც ჰქონდა რუსთა ხელმწიფესთან, თანამედროვე `ლეკიანობისგან” დატყვევებულების გამოხსნის უნიჭო სპაექტაკლშიც მიიღო ეპიზოდური მონაწილეობა, „ვაზვრატშჩიკის“ სახელიც დაიგდო, მაგრამ ეგეც ტყუილა ტკეპნის მოსკოვის ქუჩებს, არა ჩანს ეგ ისეთი გაქანების პოლიტიკური არტისტი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ანშლაგი მოაწყოს.
3. ირინა სარიშვილი და ვალერი კვარაცხელია - ორი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევისას ვადაგასული, ჩამოწერილი და იმას იქით მოსასროლი ამძაღებული პოლიტიკური პროდუქტი (საერთოდ ჩვენთან, პოლიტიკურ ხარისხზე ნორმალური კონტროლი რომ მაინც იყოს მათზე არც კი ილაპარაკებდა კაცი).
არც ერთს და არც მეორეს ხელი არ აუკანკალდათ სახელმწიფო გადატრიალების დროს და თუ შანსი მიეცად არც ახლა გააწბილებენ „პატრონს“.
ქ-ნ სარიშვილი, (დიდი ხანია ირინედ სახელგადაკეთებული) ადრე პოლიტიკურად აწ ნეტარხსენებული ჩეკისტის, იგორ გიორგაძის ფონდს ედგა სათავეში, ხოლო ბ-ნ კვარაცხელია კრემლიდან მიცემულ დავალებას ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაფუჭებული პატეფონივით დრო და დრო იმეორებს ხოლმე.
4. ალექსანდრე ებრალიძის სატელიტი ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოება“ (აფსუს, დიდო მეფეო) მისი თავმჯდომარეა „გაურკვეველი ეტიკეტის“ მქონე ვინმე არჩილ ჭყოიძე.
ამ, რუსული პროპაგანდის თარგზე მოჭრილი პუბლიცისტიკის აპოთეოზში კარგად იგრძნობა აღფრთოვანება „ძმური“ რუსეთის მიმართ, ხოლო იგნორირება საზიზღარი დასავლეთისა, რომელიც ძირს უთხრის ქართულ ფასეულობებს.
P.შ. პირადად ჩემთვის, ზემოდჩამოთვლილი ადამიანების არასრული რიგი იწვევს მაწანწალა ძაღლის ასოციაციას, რომელიც პატრონის სუფრას კუდის ქიცინით შესცქერის, რათა გამოხრული ძვალი ერგოს.
გიორგი გაფრინდაშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს ისტორიის მიმართულების II კურსის მაგისტრანტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100