სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია: მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველო რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება მანამდე, ვიდრე რუსეთის არ გაიყვანს საკუთარ ჯარს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.


„მათ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და, რაც ყველაზე მთავარია, პატივს არ სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს გაუგებარია“, - The New York Times-ის ცნობით, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ განაცხადა.


მოსკოვი საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას გუშინ გამოეხმაურა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იყო აღნიშნული, რუსეთი მზად არის, გადადგას ანალოგიური ნაბიჯი, თუ საქართველო უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს და გააუქმებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს.


განცხადების ბოლოს კი აღნიშნული იყო, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. რუსეთის წინადადებას გუშინვე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს „არ განიხილავს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100