"რერას" ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა
SOS, „რერას“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
უწყებაში აცხადებენ რომ ამის შესახებ მათ მკვეთრი პოზიცია გამოხატეს და კომპანია „ჯი ენდ ეი გრუპს“ ქსელიდან ცხენის ხორცის გამოყენებით დამზადებული პროდუქციის სასწრაფოდ ამოღება დაავალდებულეს.
შედეგად, დიდი სუპერმარკეტების, კარფურისა და ფრესკოს ქსელები „რერას“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ნახევარფაბრიკატი პროდუქციისგან თავისუფლდება.
უფრო ზუსტად კი, კომპანია „ჯი ენდ ეი გრუპი“, რომელიც „რერას“ ბრენდს ფლობს, იძულებულია ქსელიდან ხორცისგან დამზადებული ყველა პროდუქტი უკან გაიწვიოს.
თუმცა, სამწუხაროა რომ ეს პროცესი დახურულად მიმდინარეობს და მომხმარებელს სათანადო ინფორმაცია არ აქვს.
მომხმარებელი ყიდულობს ნახევარფაბრიკატს, რომელიც ეტიკეტის მიხედვით საქონლის ხორცისგან არის დამზადებული.
თუმცა, სინამდვილეში, ფულს იხდის ცხენის ხორცისგან დამზადებულ პროდუქტში.
ჩვენ კომენტარისათვის სუპერმარკეტების ქსელებსაც დავუკავშირდით.
ფრესკომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მარიამ აფრიდონიძე (ფრესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „ჩვენს სუპერმარკეტებში რერას მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები აღარ არის გაყიდვაში. მათი პროდუქცია ამოღებულია რვავე სუპერმარკეტიდან“.
ლევან მუნჯიშვილი (GL MARKETI-ისმფლობელი): "სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების შემდეგ ჩვენ რერასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, შესაბამისად მათი პროდუქციაც ამოღებულია გაყიდვიდან".
მართალია, კარფურში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ იქაც, ფრესკოსა და GL MARKET-ის მსგავსად, „რერას“ პროდუქცია ამოღებულია, მასში ცხენის ხორცის აღმოჩენის გამო.
რაც შეეხება მწარმოებელს,, თავად „ჯი ენდ ეი გრუპში“ საჭიროდაც კი არ ჩათვალეს განემარტათ - რატომ ატყუებდნენ მომხმარებლებს.
საბოლოოდ კი, ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებმაც „რერას“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია შეიძინეს და საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი მიირთვეს.
კომენტარი