კულინარიუს ერექტუს
თანამედროვე ადამიანის წინაპრები - ჰომო ერექტუსები 1.9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ესაა პლეისტონეცის ხანა - დედამიწის ისტორიის ყინულოვანი ეპოქა. მეცნიერების კვლევების საფუძველზე ერექტუსები შეიძლება აზიის კულინარიის ფუძემდებლებად ჩავთვალოთ, ისინი იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ხორცისა და სხვა პროდუქტებისგან საკვების მომზადება. მეცნიერებმა თავისი კვლევა გამოაქვეყნეს ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
მეცნიერების გუნდმა, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტელი კრის ორგანი ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა გამოერკვია, როდის და როგორ დაიწყეს ადამიანის წინაპრებმა საკვების დამუშავება მანამ, სანამ შეჭამდნენ. ამისათვის ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ძვლები, კერძოდ კი ყბის ძვალი და კბილები.
მეცნიერები ეყრდნობოდნენ ვარაუდს - დიდი ზომის მაიმუნს, რომელსაც ძლიერი ყბა და დიდი კბილები აქვს, ვიდრე სხვა პრიმატებს, მეტი დრო სჭირდება საკვების მოსაპოვებლად და შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ორი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა ყოფილიყო, მაშინ საკვების მოპოვებისათვის დაახლოებით ნახევარი დღე სჭირდებოდათ.
სტატიის ავტორებს თავისი ვარაუდის სამართლიანობა რომ შეემოწმებინათ, ერთმანეთს შეადარეს უძველესი ადამიანებისა და ანთროპოიდების (ადამიანის მსგავსი მაიმუნების) – არდიპიტეკუსის, ჰომო ჰაბილისის, ჰომო ერექტუსისა და ჰომო ნეანდერტალენსისის, ძვლები. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ძველ ეპოქას ეკუთვნოდა ძვლები, მით უფრო დიდი ყბა და კბილები ჰქონდა მას, ხოლო ჰომო ერექტუსის შემთხვევაში, განსხვავებული სურათი მიიღეს - მისი სხეული თავის წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი ზომის იყო, ხოლო კბილები, პირიქით, პატარა ჰქონდა.
მეცნიერებმა წესების ასეთი რღვევა ადამიანის მიერ ცეცხლის „მოშინაურებას“ დაუკავშირეს. მათ აღარ სჭირდებოდათ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მყარი და მკვირივი საკვების ღეჭვა, რამაც მათი ყბის შესუსტება და კბილების დაპატარავება გამოიწვია. გამოდის, რომ ჰომო ერექტუსები „მზარეულის ხელოვნების“ ფუძემდებლები არიან.
კომენტარი