„მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე...“ - გამოცხადდება თუ არა „ლოქდუნი“ ახალ წელს
23 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად „ომიკრონის“ კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შტამი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად ვრცელდება, კარს მოგვადგა.
ზუსტად 1 კვირაში ახალი წელია. სკოლებში, სააღმზრდელო დაწესებულებებში, სამსახურებში ზეიმები და კორპორატიული საღამოები უკვე იგეგმება. ცხადია, ახალი წელი ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ვირუსის სადარაჯოზე მდგომი სპეციალისტები ჩვენგან დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნას ითხოვენ. სამწუხაროდ, გვაქვს იმედი, რომ გართობის პარალელურად მოვახერხებთ და ინფიცირების ალბათობას შევამცირებთ.
„ომიკრონის“ გამოჩენამ მოსახლეობაში ეჭვები გააჩინა, რომ შესაძლოა, საქართველოში კვლავ „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს. თუმცა, ამაზე ცნობები ჩვენს ყურამდე არაოფიციალურადაც არ მოსულა.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყნის ჩაკეტვას არ გამორიცხავს, თუ, „ომიკრონმა“ კუდი ისე მოიქნია, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა ანტირეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
„გარკვეული შეზღუდვების დაწესება საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა. იგეგმება თუ არა „ლოქდაუნი“, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. „ლოქდაუნის“ გამოცხადება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. 17 აგვისტოს ყველაზე მეტი შემთხვევა გვქონდა, 6200 ინფიცირებული გვყავდა. თუ ისეთი სცენარი წავიდა, როგორც დანიაში და 2-ჯერ 6 000 შემთხვევა იყო და მეტი, 12, 15 000 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განსახილველი იქნება.
თუ საქართველოში ინფიცირებული ადამიანების შემთხვევამ მკვეთრად მოიმატა, დღის წესრიგში გარკვეული რეაგირება დადგება და ეს რეაგირება, შესაძლოა, „ლოქდაუნი“ იყოს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ივანე ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს. გამყრელიძე არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად რა შეზღუდვებზეა საუბარი.
„ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის – პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, – განაცხადა გამყრელიძემ „თავისუფალ სტუდიაში“.
კომენტარი