ივანიშვილი BBC-ს: ნატო ერთადერთი გზა არ იქნება...
იმის გარკვევას, "რუსული პროექტია" ბიძინა ივანიშვილი თუ "ქართული ოცნება", "ბი-ბი-სი" თავად ოპოზიციონერ მაგნატთან შეეცადა.
"იმისათვის, რომ სპეკულაციას კრემლთან კავშირების თაობაზე თავი აარიდოს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვას და განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, 2012 წლის არჩევნებამდე რუსეთში მთელი თავისი ბიზნესი გაყიდოს. ამასთან, ივანიშვილი აპირებს, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან კავშირები გააღრმავოს, მაგრამ ივანიშვილის ბიოგრაფიამ, ბიზნესმა რუსეთში და მისმა განცხადებებმა მმართველ პარტიას საბაბი მისცა, ახლადმოვლენილი პოლიტიკოსი პრორუსული ხაზის გატარებაში დაედანაშაულებინა"- წერს "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის კორესპოდენტი ნინო ახმეტელი.
ამ კონტექსტში მას ივანიშვილის პირველი პრეს-კონფერენციის შემდეგ დეპუტატ პავლე კუბლაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმად, "ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იმით მოდის, რომ ამბობს, თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, რუსული პოლიტიკის გამტარებელია".
"საპასუხოდ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა იმ სოფლებიდან გამოეყვანა, რომლებსაც ბომბავდნენ გაურკვეველი ფორმირებები ოსური მხრიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლები მოეწვია, ჩაიდინა სრულიად გაუაზრებელი, არაადეკვატური ქმედება და ცხინვალის დაბომბვა დაიწყო". ივანიშვილი თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სიტუაცია ხელს არ აძლევს რუსეთს როგორც უსაფრთხოების მხრივ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის მხრივაც და იმედოვნებს, რომ ორი სახელმწიფოს ინტერესთა თანხვედრა დაეხმარება, დაძრას რუსულ-ქართული ურთიერთობები მკვდარი წერილიდან. ”მე ვაცნობიერებ, რომ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ ჩვენ უპირველესად დაუყოვნებლივ დავკავდებით ურთიერთობის მოგვარების საკითხით [რუსეთთან] და ამ მხრივ მიღწეული იქნება პროგრესი"- აღნიშნა ივანიშვილმა",- წერს ჟურნალისტი.
მასთან ინტერვიუში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ "რუსული მთავრობის კრიტიკით რუსეთის მოსახლეობა უნდა იყოს დაკავებული, ხოლო საქართველოს მოსახლეობამ პასუხი თავის მთავრობას უნდა მოჰკითხოს".
"პრეტენზიები ორივე მხარის მიმართ არსებობს და ორივე მხარე დამნაშავეა, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას უნდა მოვთხოვოთ დიპლომატიურობა. საქართველოზე ბევრად დემოკრატიულ სახელმწიფოებს დღეს დიპლომატიური ურთიერთობები ბევრად უფრო ნაკლებ დმოკრატიულ ქვეყნებთან აქვთ, ვიდრე რუსეთია... ჩვენ ვალდებული ვართ, გამოვნახოთ საერთო ჩვენს დიდ მეზობელთან",- განაცხადა "ბი-ბი-სი"-ს რუსეთის სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, "თავად საქართველოში აუცილებელია გარდაქმნები, რათა მისგან მოწყვეტილი რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობები მოწესრიგდეს".
"ნატო საუკეთესო და უალტერნატივო ვარიანტია საქართველოსთვის, თუმცა თუკი საქართველოს ალიანსში შესვლა შეუძლებელია, ან მხოლოდ შორეულ მომავალშია შესაძლებელი, საქართველომ რაღაც დროის განმავლობაში და რაღაც ეტაპზე გეოპოლიტიკაში შესაბამისი ადგილი უნდა მონახოს. სააკაშვილის საქციელმა ნატო-სთან შეერთების პერსპექტივა შორეული გახადა და ჩვენ ვერ შევძლებთ, მდგომარეობა ხუთ წუთში შევცვალოთ, - მე ამას ნათლად ვაცნობიერებ. რასაკვირველია, ჩვენ თანამშრომლობას ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, მაგრამ ეს ერთადერთი გზა არ იქნება".- განაცხადა "ბი-ბი-სი"-ს რუსულ სამსახურთან საუბრისას ივანიშვილმა.
კომენტარი