შავი ზღვის სანაპიროზე ,,პუტინის სასახლე“ შენდება
შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკში, პრასკოვეევკას დასახლებასთან, გრძელდება იდუმალი და სკანდალური სასახლის მშენებლობა, რომლესაც ,,პუტინის სასახლე“ უწოდეს. გავრცელებული ხმების თანახმად, ეს გრანდიოზული შენობა სწორედ ვლადიმერ პუტინისთვის შენდება.
ჟურნალისტები, დიდი ხანია, მისი მშენებლობით დაინტერესდნენ... სანაპირო შემოღობილია ორმეტრიანი გალავნით, რომელსაც ერთადერთი ჭიშკარი აქვს, თუმცა იქ ,,უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.“
ტელეკომპანია ,,დოჟდის“ კორესპონდენტი ქსენია ბატონოვა დაინტერესდა, თუ რა ხდება რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც და ლამაზ ადგილას. ის შემოვლითი გზით, ტყით აპირებდა ტერიტორიაზე შეღწევას, მაგრამ არ გაუმართლა.
,,იმისთვის, რომ სასახლეში მივსულიყავით, მე და ჩემმა ოპერატორმა რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ. სასახლეს ერთი მხრიდან ტყე აკრავს, რომელიც ჯერ შემოსაზღვრული არ არის. რაღაც დროის შემდეგ, დავინახეთ დიდი ზომის ჭიშკარი, სადაც ეწერა, რომ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. იქ ასევე ეწერა, რომ ვიდეო და ფოტო გადაღებაც იკრძალებოდა. ამის გარდა, არანაირი ინფორმაცია არ იყო. უცნობია ვინ აშენებს ამ სასახლეს. როგორც კი მას მივუახლოვდით, წინ მესაზღვრეების ფორმაში გამოწყობილი მცველები გადაგვეღობნენ და მოგვთხოვეს ტერიტორიის დატოვება. მათ გვითხრეს, რომ კედლიდან 50 მ-ის დაშორებითაც კი, არათუ ბანაობა, ფოტო და ვიდეოგადაღებაც არ შეიძლება. ამ დავიდარაბაში, ჩვენმა ოპერატორმა რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოასწრო,“–განაცხადა ,,დოჟდის“ კორესპონდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სასახლის შესახებ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ბიზნესმენ სერგეი კოლესნიკოვის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც მედვედევს მისწერა. თავის გზავნილში ბიზნესმენი ამბობდა, რომ პირადად პუტინისთვის, შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკში შენდება სასახლე, რომელშიც იქნება სამორინე, ზამთრის თეატრი, სხვადასხვა ზომის აუზები, სპორტკომპლექსები და თვითმფრინავის დასაჯდომი ადგილი.
ბიზნესმენის თქმით, აღნიშნულ კომპლექსი ათობით ათას კვადრატული მეტრს მოიცავს და მისი ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომენტარი