სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

LE HUFFINGTON POST: ვინ არის ეს უცნაური ფრანკო-რუსი ოლიგარქი?

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, „ახლადგამომცხვარი“ პოლიტიკური ოპონენტია? პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერი, პირველ რიგში საკუთარი პრორუსული მსოფლმხედველობით არის ცნობილი, რომელიც პოსტსაბჭოთა რუსეთსა და ოთხმოცდაათიან წლებში მის გამდიდრებას უკავშირდება.

მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეს რეპუტაცია მისთვის უფრო მეტად ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე სარგებლის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალი პერსონაჟია. „ქართული ოცნების“ ლიდერი პირველ რიგში ცნობილია იმით, რომ მან ფესვები რუსეთში გაიდგა და ბიზნესის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში აქვს.

ეს „ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსი“ ძველებურად ვერ ამბობს უარს ოლიგარქის სტატუსზე და საკუთარ პიარსა და რეკლამირებაზე მილიონობით ლარის დახარჯვის წინააღმდეგიც არ გახლავთ. ივანიშვილმა სამშობლო მიატოვა და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, 1980 წლიდან კი ელექტრო მოწყობილობების გაყიდვას შეუდგა. ბორის ელცინის დროს კი ნამდვილი ალიაქოთი დაიწყო ეკონომიკური თვალსაზრისით და ივანიშვილმაც დრო იხელთა.

ოთხმოცდაათიანი წლებისთვის კი ივანიშვილი იმ ოლიგარქთა სიაში შევიდა, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად სასაცილო თანხების ფასად დიდი ფული იშოვეს. მეტალურგია, ბანკები, უძრავი ქონება - პოსტსაბჭოთა ეპოქის ამ სიმდიდრეებმა ოლიგარქებს უზარმაზარი ქონება მოუტანა. დღეისათვის კი ნამდვილად რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სამართლიანად მოახერხა ივანიშვილმა გამდიდრება.

იგივეს თქმა შეიძლება, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში „გადახვეწილ“ ბორის ბერეზოვსკიზე, რომლის ექსტრადირებასაც ნებისმიერ ფასად ცდილობს რუსეთის ფედერაცია. რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ ნამდვილად თვალსაჩინოა - მაგალითად, კანადის ხელისუფლებამ ბიზნესმენ-პოლიტიკოსს აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, რადგან ეს უკანასკნელი კანადაში ანგოლიდან კონტრაბანდული ალმასის შეტანაში ეჭვმიტანილად მიიჩნია.

ივანიშვილის მთავარი ძალა იმაშია, რომ მას ეკუთვნის წილები ისეთ რუსულ კომპანიებში, რომლებსაც თავიანთი სტრატეგიული დანიშნულების გამო კრემლი საკუთარი გავლენის გასაძლიერებელ ბერკეტად იყენებს. ივანიშვილის აქტივების სპექტრი მოიცავს „ლუკოილს“ და გაზპრომს, სადაც ის, სხვათა შორის, მთავარი კერძო აქციონერია.

ამასთან, ყველა ეს აქტივი ხაზს უსვამს არამხოლოდ ოლიგარქის სიმდიდრეს, არამედ ადასტურებს მის სიახლოვეს რუსეთის ხელისუფლებასთან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სადაც ის იცავს მოსკოვის უფლებას ჩარევის შესახებ. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში არავის ძალუძს, კრემლის ნებართვის გარეშე მისწვდეს ეკონომიკისა და ენერგეტიკის ზურმუხტოვან სიღრმეებს. ასე რომ, შეუძლებელია ზუსტად იმაზე საუბარი, თუ რა აქვს ჩაფიქრებული ქართველ ოლიგარქს, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. მით უმეტეს, რომ მისი პოლიტიკური სტატუსი ასე ბუნდოვანია. რუსული და ფრანგული პასპორტების მფობელს, მას შეჩერებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, პრეტენზია ჰქონდეს არჩევით თანამდებობაზე.

ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის არ გამოირჩეოდა ნაციონალური იდეების მხარდაჭერით. საქართველოში ახლაც ახსოვთ მისი ძველი მოკავშირეები: 1996 წელს ივანიშვილი მხარს უჭერდა გენერალ ლებედს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი და იმ საბჭოთა დანაყოფების მეთაური იყო, რომელმაც 1989 წელს საქართველოს დედაქალაქში დემონსტრაციები ჩაახშო.

2012 წელს ეს არავის დავიწყებია და ბევრს აწუხებს კითხვა, ხომ არ გამოჩნდა ის პოლიტიკურ არენაზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუქვემდებაროს საქართველო რუსეთს...

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100