გამოფენა: ,,იაპონია და ქართული ბალეტი’’
თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 2017 წლის 20 სექტემბერს 17:00 საათზე გაიხსნება გამოფენა: "იაპონია და ქართული ბალეტი’’.
საქართველოსა და იაპონიას საბალეტო ხელოვნებაში ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალები უკავშირდება 1974 წელს, რამდენიმე თვით პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ტოკიოს საბალეტო დასთან ვახტანგ ჭაბუკიანის (1910-1992 წწ.) მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, მამაკაცთა კლასიკური ცეკვის დახვეწის მიზნით.
ვახტანგ ჭაბუკიანი არამხოლოდ ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი, არამედ იგი საბალეტო ხელოვნებაში მამაკაცის ცეკვის რეფორმატორი და მსოფლიოში საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ვახტანგ ჭაბუკიანის იაპონიაში პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა, მოწვევისა და მადლობის წერილები. ასევე წლების განმავლობაში იაპონიიდან მიღებულ საახალწლო მისალოცი ბარათები, რაც ადასტურებს იმ მეგობრულ და კოლეგიალურ ურთიერთობას რაც ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანისა და იაპონიის დასის წევრებს შორის ჩამოყალიბდა. აგრეთვე, გამოიფინება ბუკლეტი, სადაც იაპონიაში დადგმული ბალეტ "ოტელოს’’ ამსახველი ფოტო მასალაა მოცემული. რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის კონსულტაციითა და საქართველოში დადგმული საბალეტო სპექტაკლის "ოტელოს’’ (1975 წელი) სცენოგრაფიული ელემენტებითაა განხორციელებული.
ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დაწყებული ურთიერთანამშრომლობის გზა, ორი ქვეყნის საბალეტო სფეროს შორის, დღესაც გრძელდება. გამოფენის გახსნის დღეს, დამსწრე საზოგადოება შეხვდება ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის პედაგოგებს ქეთევან მოწონელიძეს, ლარისა ჩხიკვიშვილსა და მათ მოსწავლეებს, რომლებიც ისაუბრებენ და წარმოადგენენ ფოტო და ვიდეო მასალას ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელისა და იაპონიის, ქ. ტოკიოს საერთაშორისო საბალეტო სკოლის ერთობლივ პროექტზე. რომელიც ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მხარდაჭერით განხორციელდა 2017 წლის ზაფხულში. ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლ. მინკუსის ბალეტი - "დონ კიხოტი" და საკონცერტო ნომრები. ქართველმა კონკურსანტმა ლიზა ავსაჯანიშვილმა (სასწავლებლის სწავლების - V წლის მოსწავლემ) დაიმსახურა საუკეთესოთაშორის 1 ადგილი, ნომინაციაში - ვარიაცია. აგრეთვე სასწავლებლის ოთხი მოსწავლე საუკეთესოთა ათეულში შევიდა.
სასწავლებლის მოსწავლეებმა ქ.ტოკიოში ყოფნის დროს გაიარეს მასტერკლასი მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან დომინიკ ჰალფონისთან (Dominique Khalfouni).
გამოფენის გახსნას დაესწრებიან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო დასისი ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
კომენტარი