თიბისი ბანკისა და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის
თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებპორტალი (SME Toolkit) წარუდგინეს.
ვებპორტალის შექმნის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ეკონომიკის ზრდას წაახალისებს.
საგანმანათლებლო ვებპორტალში, რომელიც IFC -ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება, ბიზნესის დაწყების ეტაპიდან მისი გაფართოების ჩათვლით.
ვებპორტალი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე, ვებ-მისამართზე www.tbcbusiness.ge , ქართული ბაზრის თავისებურებებს ითვალისწინებს და მეწარმეებს პრაქტიკული რჩევებითა და კონსულტაციებით დაეხმარება ბუღალტერული აღრიცხვის, ფინანსების მართვის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
მცირე და საშუალო ბიზნესის საგანმანათლებლო ვებ-პორტალი თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის - „7 ნაბიჯი წარმატებისკენ” - ახალი კომპონენტია. ეს პროგრამა მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ 7 სხვადასხვა კომპონენტს. მათ შორის, უფასო ტრენინგებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეა წარმატებით ხორციელდება; ინტერნეტ ბანკს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სერვისად იქნა აღიარებული. მესამე კომპონენტი, რომელიც გუშინ ამოქმედდა, საგანმანათლებლო ვებპორტალია. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და თიბისი ბანკი, ჯამში, 7 სიახლეს შესთავაზებს მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, რომლებიც მათ ბიზნესის წარმატებაში დაეხმარება.
„მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რადგან ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,” - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ - „ეს ვებპორტალი კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე, რომელიც კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. ეს სტრატეგია არა მარტო გაამყარებს ჩვენს
ხანგრძლივ პარტნიორობას მცირე და საშუალო ბიზნესთან, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.”
„ეს პირველი საგანმანათლებლო ვებპორტალია, რომელიც ევროპის საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობით შევქმენით. ეს IFC -ის იმ საქმიანობის ძირეული ნაწილია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი ცოდნის სხვადასხვა რეგიონში კერძო კომპანიებისთვის გაზიარებას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, კერძო კომპანიების გაფართოებას, მათ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა IFC -ის ბიზნესის მდგრადი განვითარების საკონსულტაციო პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატრიკ ლუტერნაუერმა.
IFC -ის ვებ-პორტალი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, უცხოეთში 2002 წელს შეიქმნა. ამჟამად იგი 40-ზე მეტ ქვეყანაში 17 ენაზეა ხელმისაწვდომი. დღემდე მას მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანი გაეცნო.
IFC, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერია 2000 წლიდან, ამ ბანკთან 1998 წლიდან თანამშრომლობს.
ვებპორტალს საქართველოში მხარს უჭერენ ისეთი წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა PwC, Ernst &Young, BDO, LeavingStone, მართვის აკადემია, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
კომენტარი