სომხებს ივანიშვილთან კითხვები აქვთ
სომხური გაზეთი „ერკრამასი“, ინტერვიუს აქვეყნებს თბილისელი სომხების ასამბლეის კოორდინატორთან არნოლდ სტეპანიანთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სომხებთან დამოკიდებულებაზე საუბრობს.
სტეპანიანის თქმით, ივანიშვილის გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ეროვნული უმცირესობების მიმართ.
მისი აზრით, მიუღებელი განცხადებები კოალიციიის მხრიდან, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჟღერდა და თითქმის ყოველ ჯერზე ბლოკი ბოდიშს იხდიდა.
„მიუხედავად ამისა, „სიყვარულის“ ტენდენცია ეროვნულ უმცირესობათა მიმართ გრძელდება. ერთი მხრივ კარგია, რომ თავად ივანიშვილი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, წლები ცხოვრობდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის, რომ მან მოიკრიბა კონსულტანტები, რომლებსაც არ უყვართ ეროვნული უმცირესობები, ეჭვებს იწვევს“ - აცხადებს სტეპანიანი.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სომხურმა გაზეთმა გამოითხოვა ორიგინალი - ჩანაწერი ინტერვიუსა, სადაც ივანიშვილმა სომხების მიმართ თავისი ბოლო ცნობილი განცხადება გააკეთა, რომელიც სკანდალურ განაცხადად იქნა აღქმული, რადგან კოალიციის ლიდერმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს, პრაქტიკულად, „კულტურულად“ მიუთითა, რომ სასურველი იქნებოდა, თუ საქართველოდან წაბრძანდებოდნენ.
სტეპანიანის თქმით, ივანიშვილს, თითქოსდა, არ მოეწონა ის, რომ სომხებმა სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს ხმა და ამიტომაც გაუგზავნა მათ ასეთი მესიჯი.
მისი თქმით, სომხები ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, რადგან მასთან ბევრი კითხვა აქვთ. მათ შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი „ეკლესიების დაბრუნების“ საკითხიც არის.
სტეპანიანი ამბობს, რომ „ეკლესიების დაბრუნების“ თემა, ისევე როგორც ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის მოგვარება, გადამწყვეტი იქნება მომავალ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში.
სომხებს, ქართულ-სომხური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნაც აქვთ, იმ ლოგიკით, რომ სტეპანიანის თქმით, საქართველოში ქართულ-თურქული და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტები არსებობს.
კომენტარი