სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსები და აფხაზები სანატორიუმ „სოხუმს“ ვერ იყოფენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აფხაზი სეპარატისტები, სამხედრო სანატორიუმ „სოხუმისათვის“ ერთმანეთს დაერივნენ. ფედერაციის მთავარმა სამხედრო უწყებამ და აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლებამ, ყოფილი საბჭოთა სამხედრო სანატორიუმის, „სოხუმის“ ტერიტორია ვერ გაინაწილეს. აფხაზები შენობას და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, დღეს, გულუბრყვილოდ, თავის საკუთრებად თვლიან, რუსები კი - მთლიანად აფხაზეთს და, ბუნებრივია, სანატორიუმსაც.

რუსებმა, საკუთარი შრომის კოდექსის თანახმად, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსიდან, მისი უკვე ათასამდე თანამშრომელი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაბრძანეს ნაადრევ პენსიაზე. „პოლიტიკური პარტნიორების“ უსულგულობით გულნატკენმა აფხაზებმა კი, ამის გამო, სოხუმში საპროტესტო აქციებიც გამართეს და ქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.

კონფლიქტმა, აფხაზურ-რუსული მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 14 ივნისს იფეთქა, როდესაც დაწესებულება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რემონტის საბაბით დაიკეტა. მანამდე კი, მაისის ბოლოს, მოსკოვიდან სოხუმში სპეციალური კომისია, სანატორიუმის მდგომარეობის შესასწავლად ჩაბრძანდა.

„მეტროპოლიიდან“ ჩასულმა სტუმრებმა, „საკუთარ“ სანატორიუმში ინსპექცია ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ შენობის ნომრების 80 პროცენტი განადგურებულია და შესაფერისი საკომუნიკაციო საშუალებებიც არ არსებობს. აქ ჩვენი ნებიერა გენერლები და მათი ოჯახის წევრების დასვენებისათვის არანაირი პირობები არ არსებობსო - განცხადეს ამ უკანასკნელებმა და დაპირისპირებაც განახლდა. აფხაზებს წლების განმავლობაში, „საკუთარ“ ტერიტორიაზე არაფერი აუშენებიათ და გაუახლებიათ და გამონაკლისი, ბუნებრივია, არც ეს სანატორუმია, რომლის იურიდიული სტატუსის დარეგულირებაც კი, საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, არავის უცდია. ხოდა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო და აგერ, შედეგიც.

ერთი წლის წინ კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და კრემლის მიერ „სუვერენულად“ გამოცხადებულმა აფხაზეთის „რესპუბლიკამ“, რუსეთისთვის „სოხუმის“ ქონებისა და მიწის ნაკვეთების გაფორმებაზე, დიდი ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა „ყველა საჭირო დოკუმენტი“ ელვის სისწრაფით მოამზადეს და აფხაზებს გადასცეს, მაგრამ აქ მიხვდნენ აფხაზები, რომ მწარედ მოტყუვდნენ და სპექტაკლიც დაიწყო.

ანქვაბი და სხვები ახლა უშედეგოდ ცდილობენ „ჩრდილოეთის დათვის“ გულის მოლბობას და დარწმუნებას იმაში, რომ მათი კონსტიტუციით, აფხაზური მიწა ვაჭრობის ობიექტი არ არის. რუსებს ეს არგუმენტი, უკვე საუკუნეების გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ აშკარად, სასაცილოდ არ ჰყოფნით. აფხაზები კი „მეგობრებს“ ემუდარებიან, რომ საკითხის გადასაწყვეტად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. უმძიმეს მდგომარეობაშია სანატორიუმის ყოფილი პერსონალიც, რომელიც ერთი ბრძანების შემდეგ, რუსებმა ქუჩაში ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მოისროლეს.

კრემლს, პირველ რიგში, ის პრობლემა აწუხებს, რომ საკუთარ გენერალ-პოლკოვნიკ-მაიორებს, სამხრეთის მზესა და ჰაერზე დასვენებისას, დისკომფორტი არ შეექმნათ. ანქვაბი „იმუქრება“, რომ თუ რუსები სანატორიუმიდან გაყრილ ხალხს კომპენსაციას არ გადაუხდიან, აფხაზები იძულებულები იქნებიან... ეს თავად გააკეთონ. ამ დროს კი, კომპენსაციის თანხა საკმაოდ სოლიდურია და მისი გაცემა აფხაზეთის სეპარატისტული „რესპუბლიკის“ ბიუჯეტისათვის ლამის თვითმკვლელობის ტოლფასია.

ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს კრემლს „საკუთარი მფარველობის ქვეშ“ მყოფი სეპარატისტული აფხაზეთისადმი, რომლის დღევანდელი მესვეურებიც, დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო ხშირად აწყდებიან მსგავსი უსულგულობისა და უკანონობს ფაქტებს რუსული მხრიდან, ხოლო მათი პროტესტი და უკმაყოფილება, ჩვეულებისამებრ, „ხმად მღაღადებლისად“ რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100