სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ბეტინა კადენბახს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გერმანიის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს უმასპინძლა.

გაცნობითი სახის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, გერმანიის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს კარგი მეგობარი იყო და მას ახარებს, რომ ახალ ელჩს შესაბამის დიპლომატიურ კვალიფიკაციასთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე მეტად აქტუალურ, სპეციფიკურ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

ბეტინა კადენბახი საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებით დაინტერესდა, ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხში და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის აქტიურ ჩართულობას. მხარეებმა ისაუბრეს „საქართველოს ღია პარლამენტის“ სამოქმედო გეგმასა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ბეტინა კადენბახი, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად დანიშვნამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთობლივი პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა. ის ასევე მუშაობდა გერმანიის საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ირანში, თურქეთში, ესტონეთსა და გაეროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100