სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადადგება, ძალისმიერ რევოლუციას მიიღებს

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ძალისმიერ რევოლუციას არ გამორიცხავს, თუ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადადგება. საგანგებო განცხადება დღეს საღამოს „სახალხო კრების" ოფისში გაკეთდა.

„სააკაშვილს ჰყავს ამერიკელი მრჩევლები და მათ დიდი ამერიკელის - ჯონ კენედის სიტყვებიც უნდა უთხრან - ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან რევოლუციას, მიიღებს ძალისმიერ რევოლუციას. სამწუხაროდ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, ადამიანების პროტესტმა, შესაძლოა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბოს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას - მიტინგები არის მშვიდობიანი, კანონიერი და მოგვცენ შეკრების შესაძლებლობა, რათა ხალხმა თავისი სათქმელი თქვას. ამ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია, ეს მათ ძალიან კარგად იციან. გვესმის, რომ აგონიაში არიან. მათ ყველა შემთხვევაში მოუწევთ წასვლა და სჯობს, წავიდნენ მშვიდობიანად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღეს, დაახლოებით, 21:00 საათზე გააჩერეს კოლონა, რომელიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდა, მათ შორის საბჭოს წევრები - თემურ შაშიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და გურამ ფირცხალავა და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქციისთვის საჭირო ტექნიკის მომსახურებისთვის იყვნენ საჭირო.

„კოლონას წაართვეს მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იყო გახმოვანების აპატურა. პოლიციის 30 საპატრულო ეკიპაჟი, ზონდერბრიგადის წარმომადგენლები ახორციელებენ ყაჩაღურ თავდასხმას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იტაცებენ „სახალოხო კრების" და ხალხის კუთვნილ ქონებას. თუ ხვალ ხელისუფლება არ დააბრუნებს მანქანას და გახმოვანებისთვის საჭირო ტექნიკას იმ დროისთვის, რომ მანქანამ ბათუმში ჩასვლა მოასწროს, მოქმედებები უკვე ზესტაფონში დაიწყება. ამისთვის საკმარისია იმერეთის რაიონების წინააღმდეგობის კომიტეტების მხარდამჭერთა მონაწილეობა. თბილისში იმერეთის წარმომადგენლების გარეშეც ბევრი ხალხი იქნება. ასეთივე მოქმედებები ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რაიონში, მაგრამ მინდა იცოდეთ, ადამიანებს ამით ვერ შეაშინებენ, ვერ გააჩერებენ, ამით მუხტს უფრო ზრდიან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებინ და ყველა საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100