სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული პარტიის“ არაქართულ გეგმაზე შსს ხვალ ისაუბრებს

„ქართული პარტიის“ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და აქტივისტების დაკავებას პარტიის პირველმა პირებმა უკვე უწოდეს პოლიტიკური დევნა. სოზარ სუბარის განცხადებით, ლევან ტერაშვილს, დავით შიუკიშვილს და სხვა აქტივისტებს სახლებში შსს-მ იარაღი ჩაუდო:

"დღეს, გამთენიისას პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი დააკავეს, რომელსაც საცხოვრებელ სახლში, აბაზანაში იარაღი ჩაუდეს. ამასთან, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ტერაშვილის მეგობრის დავით შიუკაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღი ჩადეს. თავად შიუკაშვილი ამ დროისთვის სარეზერვო სამსახურშია გაწვეული და სენაკში იმყოფება. ამ ამბებს ტერაშვილის ძმის - კახაბერ ტერაშვილის დაკავება უძღოდა წინ. იგი "ქართული პარტიის" 2 აქტივისტთან ერთად გუშინ დააპატიმრეს და "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს, სადაც განუცხადეს, რომ ზემოაღნიშნული პირები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არიან დაპატიმრებულები" - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, ეს დაკავებები „გასულ თვეს დაწყებული რეპრესიების გაგრძელებაა, როდესაც „ქართული პარტიის“ კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს.

სუბარის ამ განცხადებებს დღის მეორე ნახევარში შსს-ს განცხადება მოჰყვა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული პარტიის“ დაკავებული წევრების გეგმები, რომლებიც მათ მაისის ბოლოს უნდა განეხორციელებინათ, ხვალ განსაჯაროვდება.

"ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება მათი პარტიის ცალკეული წევრების დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 ივნისს, 12:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს, რომელზეც საზოგადოებას იმ გეგმებს გააცნობს, რომელიც ზემოთ ხსენებული პარტიის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ",- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100