სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ უნდა გაიგოს ობამამ სწორად ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები

რევოლუციები ხშირად იწყება ენთუზიაზმით და მთავრდება ცრემლებით. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, თუ პრეზიდენტი ბარაქ ობამა მტკიცედ იდგება იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რომელთა გამოც აირჩიეს, ცრემლებს შეიძლება გადავურჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ძალაუფლება და გავლენა მსოფლიოში შემცირდა, ჩვენი მოკავშირეები და მათი არმიები მითითებებისთვის ჩვენ შემოგვყურებენ.
ეს არმიები საკმაოდ ძლიერები არიან საიმისოდ, რომ შეინარჩუნონ კანონი და წესრიგი მანამდე, სანამ ისინი პოლიტიკის მიღმა დგანან და რევოლუციებიც შეიძლება მშვიდობიანად წარიმართოს. ამიტომაა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა დაჟინებით მოითხოვოს. ამავე დროს კორუმპირებულ და რეპრესიულ მმართველებს, რომლებსაც ვეღარ იტანს მისი ხალხი, გადადგომისკენ უბიძგოს და ახალ ლიდერებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება უნდა მისცეს.

ამ მიმრთულებით წავიდა რევოლუცია ტუნისში. ტუნისში შედარებით კარგად განვითარებული საშუალო კლასია, ქალები უფრო მეტი უფლებებით სარგებლობენ და უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში და დამარცხებული რეჟიმიც თავისი ხასიათით სეკულარული იყო. დემოკრატიული ცვლილებების პერსპექტივისთვის აქ ხელსაყრელი გარემოა.

ეგვიპტე უფრო რთული და ამავე დროს უფრო გავლენიანია. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ვითარების სწორად აღქმა. საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ შორის არიან ძალიან განათლებულნი და რიგითი მოსახლეობაც, ახალგაზრდა და ასაკოვანი, შეძლებული და უკიდურესად ღარიბი. მიუხედავად იმისა, რომ ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ მასებსა და ლოზუნგებ სულაც არ აქვთ თეოკრატული მოთხოვნები, ყველაზე კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც ამ ქვეყნის რეპრესიულ გარემოში გადარჩენა მოახერხა, მუსლიმური საძმოა. თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში საძმო ვალდებულია მთავარ პოლიტიკურ ძალად გამოჩნდეს, თუმც უმრავლესობაში დარწმუნებული ვერ იქნება.

ზოგიერთი გამოთქვამს შიშს იმის გამო, რომ თავისუფალმა არჩევნებმა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს. მათი ვარაუდით, ეგვიპტის შეირაღებულმა ძალებმა შეიძლება სცადონ შედეგების გაყალბება; ისრაელი შეიძლება ჯიუტად ჩაუდგეს ოპოზიციაში რეჟიმის ცვლილებას; სხვა ქვეყნებზე ექსტრემისტული პოლიტიკის გავრცელების დომინოს ეფექტი თავიდან უნდა იქნას აცილებული და რეგიონიდან ნავთობის მოწოდება შეიძლება შეფერხდეს. ასეთი წარმოდგენები აყალიბებს ახლო აღმოსავლეთის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებულ ძველ შეხედულებებს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა ვაშინგტონმა შეცდომით არ გაუწიოს წინააღმდეგობა, ან არ დააყოვნოს გადასვლისადმი მხარდაჭერა ეგვიპტეში.

ეს საწყენი იქნებოდა. პრეზიდენტი ობამა პირადად და შეერთებული შტატები, როგორც ქვეყანა, აქტიური პოზიციითა და დემოკრატიისა და ღირსების მოთხოვნით გამოსული ხალხის მხარდაჭერით, ბევრს მოიგებდა. ეს დაეხმარებოდა ამერიკის ლიდერობის აღდგენას და ჩვენს ალიანსებში იმ სტრუქტურული სისუსტის დაძლევას, რომელიც არაპოპულარულ და რეპრესიულ რეჟიმებთან ჩვენი კავშირების გამო შეიქმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ასეთი ქმედებით ჩვენ რეგიონში მშვიდობიან პროგრესს გავუხსნიდით გზას. მუსლიმური საძმოს თანამშრომლობა მოჰამედ ელბარადეისთან, ნობელის პრემიის ლაურეატთან, რომელსაც პრეზიდენტობა სურს, იმედისმომცემი ნიშანია იმისა, რომ ამ მოძრაობას დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვს განზრახული. ხოლო, რაც შეეხება ინფიცირებას – სავარაუდოა, რომ ეს უფრო შეერთებული შტატების მტრებს, სირიასა და ირანს შეუქმნის საფრთხეს, ვიდრე ჩვენს მოკავშირეებს იმ პირობით, რომ ისინი მზად არიან თავი აარიდონ ზვავს.

მთავარი პრობლემა ისრაელია. რეალურად ისრაელისთვის ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელება იმდენადვე სასარგებლოა, რამდენადაც შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ ისრაელი, ალბათ, ვერ ამოიცნობს თვისსავე მთავარ ინტერესს, რადგან ცვლილება ძალიან მოულოდნელია და ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. და აშშ-ში ისრაელის ბევრი მხარდამჭერი უფრო მეტად რიგიდული და იდეოლოგიზირებულია ვიდრე თავად ებრაელები. საბედნიეროდ, ობამა არაფრითაა დავალებული იმ რელიგიურ მემარჯვენეებისგან, რომელთაც მის წინააღმდეგ ნამდვილი შურისძიება წამოიწყეს. ამერიკა-ისრეალის საზოგადოების კომიტეტი აღარაა მონოლითური ან ერთადერთი წარმომადგენელი ებრაული საზოგადოებისა. ყველაზე დიდი საფრთხე ის იქნება, თუ ობამას ადმინისტრაცია საკმარისად სწრაფად ვერ მოარგებს პოლიტიკას უეცრად შეცვლილ რეალობას.

მე ჩვეულებრივ, ფრთხილად ვეკიდები რევოლუციებს. მაგრამ ეგვიპტის შემთხვევაში მე წარმატებისთვის კარგ შესაძლებლობებს ვხედავ. მე, როგორც დემოკრატიისა და ღია საზოგადოების ერთგულ დაცველს, არ შემიძლია ის ენთუზიაზმი არ გავიზიარო, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მოიცვა. იმედი მაქვს, ობამა ძალიან მალე დაუჭერს მხარს ეგვიპტელ ხალხს. ჩემი ფონდები მზად არიან გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლიათ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს კანონის უზენაესობის, საკონსტიტუციო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდამჭერი რესურსცენტრების შექმნას იმ ქვეყნებში, სადაც ეს სჭირდებათ და ამავე დროს თავის შორს დაჭერას ისეთი ქვეყნებისგან, სადაც ამგვარ ძალისხმევას არ მიესალმებიან.
foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100