სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფინალი ფინალამდე“!!!

დიდად უცნაური და სიურპრიზებით აღსავსე მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე დასრულდა ჯგუფური და მერვედფინალური ეტაპი და 2 ივლისიდან დარჩენილი რვა გუნდი გაუყვება ოქროს თასისკენ მიმავალ ციცაბო აღმართს.

მიმდინარე მუნდიალმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დაუტოვა მილიონობით გულშემატკივარს. ზოგს გოლების მწირი რაოდენობა არ მოსწონს, ზოგი ბურთებს უჩივის, ერთნი აფრიკულ ჰავას აბრალებენ ყველაფერს, მეორენი ვუვუზელას გამაყრუებელ ხმაურს ვერ ეგუებიან და ასე შემდეგ. მოკლედ, ისე ჩანს, რომ უკმაყოფილოთა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოხიბლულთა საერთო რიცხვი.

სიმართლე ვთქვათ, თითქმის ყოველი ჩემპიონატის მერე ასეც იყო ხოლმე, მაგრამ სამხრეთ აფრიკა-2010 მაინც გამორჩეულია ამ მხრივ.

უკმაყოფილოთა არმიას სიამოვნებით შევუერთდები, თუკი მხოლოდ ჯგუფურ ეტაპს მივიღებთ მხედველობაში. მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ფაზას მართლაც არ ეთქმოდა თვალწარმტაცი და ერთი-ორი გამონათების გარდა, მთლიანობაში მოსაწყენად ჩაიარა.

რაც შეეხება კმაყოფილთა არმიას, აქ უკვე მერვედფინალურ ეტაპს მართლაც რომ თამამად მოვიხსენიებდი. მით უმეტეს, გერმანია-ინგლისი და არგენტინა-მექსიკა ისეთი საინტერესო გამოდგა, რომ სხვაგვარად არც შეიძლება...

და მაინც: ამ ორ თამაშში წმინდა საფეხბურთო სანახაობის გარდა იყო ორი უმთავრესი დეტალი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებს ქომაგი. მიხვდებოდით, ინგლისელთა არჩათვლილ და არგენტინელთა ჩათვლილ გოლებს ვგულისხმობთ, რომელთა დროსაც მსაჯებმა უხეშზე უხეში შეცდომები დაუშვეს.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამ წყვილებში გერმანიამ და არგენტინამ იყოჩაღეს და სწორედ ისინი შეადგენენ მეოთხედფინალურ წყვილს!

როგორია? 3 ივლისს ეს ორი გრანდი შეეჯახება ერთმანეთს და მსოფლიო მედიამ ამ შეხვედრას უკვე უწოდა „ფინალი ფინალამდე“!
ეს არის მატჩი, რომელშიც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი და ძალიან ძნელი სათქმელია, მათგან რომელს მოუწევს ლეგენდარული ნელსონ მანდელას სამშობლოდან ნაადრევად აბარგება...

გერმანია-არგენტინის გარდა მეოთხედფინალში კიდევ ერთი სუპერმატჩია: ბრაზილია-ჰოლანდია! რაც შეეხება დანარჩენ ორ წყვილს, შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება: ურუგვაი-განა და ესპანეთი-პარაგვაი.

აი, ასეთი ეკლიანია მსოფლიო ჩემპიონობამდე მიმავალი გზა და იმედია, დარჩენილი ეტაპები იმაზე მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოდგება, ვიდრე აქამდე იყო. სხვა რა დაგვრჩენია: დაველოდოთ და ვისიამოვნოთ დიდი ფეხბურთით!
კახა შალამბერიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100