ენრიკე იგლესიასი ბათუმში
მომღერალი 2 აგვისტოს, 19 საათზე, MTV Live-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება.
იგლესიასი მაყურებლის წინაშე ბათუმში, ევროპის მოედანზე წარდგება. კონცერტის ორგანიზატორების თმით, ევროპის მოედანზე პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა მსოფლიო კონცერტის გასამართად. ტერიტორია, სადაც კონცერტი უნდა ჩატარდეს, საგანგებოდაა დაცული. კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოების უდიდესი ნაწილი საკუთარ თავზე სწორედ MTV-ს მენეჯმენტმა აიღო. MTV Live Georgia-ს ნაწილს 152 ქვეყანაში 600 მილიონამდე ადამიანი იხილავს. კონცერტის ორგანიზატორის, Viacom International Media Networks-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის კმაყოფილნი არიან საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და მიაჩნიათ, რომ ბათუმი მსოფლიო დონის მუსიკალური ღონისძიების საუკეთესო მასპინძელი იქნება.
MTV Live Georgia-ზე მსმენელის წინაშე აგრეთვე წარდგებიან: პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი "ელდრინი", ასევე Stephane & 3G, DJ Bero & DJ Jorjick.
MTV Live Georgia -ზე დასწრება უფასოა. კონცერტის ნახვის საშუალება ათი ათასამდე ადამიანს შეეძლება, ხოლო მათთვის, ვინც ევროპის მოედანზე მისვლას ვერ შეძლებს, ბათუმში მონიტორები დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ ენრიკე 1975 წლის 8 მაისს მადრიდში დაიბადა. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე შვილი.
ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინო ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მთელი მსოფლიო მასშტაბით მისი ალბომების 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
კომენტარი