სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია "არემჯი" შრომის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა

საყდრისის კრიზისი - ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ სპეციალისტები იმ მთავარ ხელისშემშლელ გარემოებას, რის გამოც დღეს მადნის მომპოვებელი საწარმო დაბალი სიმძლავრეებით მუშაობს. მიუხედავად ამისა, კომპანია "არემჯიმ“ რამდენიმე გაშვებული თანამშრომელი უკან დააბრუნა და გაზარდა ხელფასები.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებით, კომპანიაში რიგით თანამშრომელთა რაოდენობა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გარეშე, კომპანია "არემჯის" როგორც სპილენძის, ასევე ოქროს მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში 1200 ადამიანია. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გაათავისუფლეს 160-მდე დასაქმებული, საიდანაც 80 სამსახურში აღადგინეს პროფკავშირთან მოლაპარაკების შედეგად, ხოლო დანარჩენი ადამიანების საკადრო მონაცემებით შედგენილი იქნა სარეზერვო სია და შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი, რომლითაც კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის ან ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში პირველ რიგში დასაქმების უპირატესი შესაძლებლობა მიეცემათ სარეზერვო სიაში მყოფ ადამიანებს.

თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე: "პროფკავშირმაც და მისმა წევრებმაც, კომპანიაში დასაქმებულმა ადამიანებმა, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიჭრას რაც შეიძლება სწრაფად. საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მისი გადაწყვეტა საკუთარ თავზე აუცილებლად მთავრობამ უნდა აიღოს და ამისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება. საკითხის მოგვარების პროცესი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისგან. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ დაბა კაზრეთის 11000-ზე მეტი მაცხოვრებლისთვის ყოველი სამუშაო ადგილი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ყველანაირი თვალსაზრისით.

_ როგორია კომპანია "არემჯის" პოლიტიკა თანამშრომლებთან მიმართებაში?

_ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის შეფასებით, კომპანია "არემჯის" თანამშრომლებთან მიმართებაში ურთიერთობის პოლიტიკა როგორც ასეთი, ჯერჯერობით არც ერთი დოკუმენტით, შეთანხმებით ან ხელშეკრულებით არ არის დეკლარირებული. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენელთა ურთიერთობები ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებთან მიმართებაში უნდა შეფასდეს დადებითად.

_ რა ხდებოდა მანამდე და რა შეიცვალა კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის ახალი მენეჯმენტის პირობებში?

_ რაც ყველაზე მთავარია, აღმოფხვრილია ის, რამაც ფაქტობრივად მოახდინა 2014 წლის გაფიცვის პროვოცირება, ვგულისხმობ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მუშების მიმართ ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოვლენილ უდიერ დამოკიდებულებებს. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ რთულად, მაგრამ მაინც ვცდილობთ სოციალური პარტნიორობის მოდელის დამკვიდრებას კომპანიასა და დასაქმებულების გაერთიანებას, ანუ პროფკავშირს შორის ურთიერთობებში და ამ პროცესში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის მზაობა ორმხრივად იკვეთება, ორივე მხარე ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ამოვწუროთ დიალოგის შესაძლებლობა. ჩვენი შეფასებით ეს ძალიან ძლიერი საფუძველია სოციალური პარტნიორობის დამკვიდრების პროცესში.

_ ცნობილია, რომ ბოლო დროს კომპანიამ თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდეს...

_ 2014 წლის მარტში, გაფიცვის შემდეგ გაფორმებულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია კომპანიაში არსებული სახელფასო სისტემის სამეტაპიანი კორექტირება. კერძოდ, აპრილში "არემჯი კოპერში" მოხდა ხელფასების ოდენობების გათანაბრება ერთი და იგივე ტიპის სამუშაო ადგილებზე. სხვადასხვა დროს, მენეჯმენტის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა სოციალურ უსამართლობას - ტოლფას სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ადამიანები იღებდნენ არათანაბარ ხელფასს. გათანაბრება მოხდა მატების მეთოდით, ანუ შერჩეული იქნა ყველაზე მაღალი ნიშნული და დანარჩენების ხელფასი გაუთანაბრდა სწორედ ამ ნიშნულს. ამ ღონისძიებით 150-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი საშუალოდ 50 ლარით მოემატათ.

გათანაბრების მე-2 ეტაპი შეთანხმებისამებრ უნდა აისახოს ოქტომბრის თვის ხელფასზე. ნოემბრის თვეში, როდესაც დასაქმებულები აიღებენ ოქტომბრის ხელფასს, გათანაბრება უკვე გათვალისწინებული უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპანიის ადმინისტრაციას ეს პროექტიც უკვე მომზადებული აქვს. საგულისხმოა, რომ 2014 წლის მარტში გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გათანაბრების გარდა, პროფკავშირი და კომპანიის ადმინისტრაცია დამატებით შევთანხმდით იმაზე, რომ ხელფასების მატება მოხდება იმ სამუშაო ადგილებზეც სადაც ხელფასი საგრძნობლად დაბალია.
ყოველივე ზემოთ თქმულის შედეგად 500-ზე მეტ დასაქმებულს მოემატება ხელფასი საშუალოდ 60 ლარით.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურების საერთო მატებას, ეს უკვე სახელფასო სისტემის მოწესრიგების მე-3 ეტაპია, რომელიც შეთანხმების მიხედვით ითვალისწინებს შემდეგს: 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამ, სანამ დამტკიცდება კომპანიის 2015 წლის ბიუჯეტი, უნდა შედგეს მოლაპარაკება კომპანიასა და პროფკავშირს შორის ხელფასის საერთო მატებასთან დაკავშირებით და ეს ასახული უნდა იყოს კომპანიის 2015 წლის ბიუჯეტში.

_ კომპანია ფაქტობრივად მესამედი დატვირთვით მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციით გაშვებულ თანამშრომლებს უკან აბრუნებს. როგორ ხერხდება ეს?

_ ინფორმაციას ვადასტურებ, კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები დაბალია და ვადასტურებ იმასაც, რომ კომპანიამ ერთი ადამიანი დააბრუნა სამსახურში, ოთხი ადამიანის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული და კიდევ ოთხი ადამიანის დაბრუნების საკითხზეც შესაძლოა ვიფიქროთ უახლოეს მომავალში. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ დაბალი საწარმოო სიმძლავრეების პირობებში, ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ანხორციელებს კომპანიის ადმინისტრაცია, იმსახურებს კომპლიმენტებს და აუცილებლად დადებითად უნდა შეფასდეს.

_ ზოგადად, როგორია სამთო მრეწველობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობა და პირობები ქვეყანაში და რამდენად განსხვავებულია "არემჯის" დამოკიდებულება თანამშრომლებთან მიმართებაში?

_ პრობლემებზე საუბარი, მათი მოგვარების მიზნით, რა თქმა უნდა ამ კომპანიაშიც საჭირო და აუცილებელია, თუმცა სამართლიანობა ითხოვს აღნიშნოს, რომ სამთო მრეწველობის სექტორში კომპანია "არემჯი" ამ პროფილის სხვა კომპანიებთან შედარებით ნამდვილად წინა პოზიციებს იკავებს როგორც შრომის პირობების, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმების, უბედური შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. მაგალითად ის, რომ ამ კომპანიაში, მიუხედავად პროფილისა, უკანასკნელი წლების განმავლობაში არ გვქონია უბედური საწარმოო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით და ძალიან ცოტა გვაქვს ტრავმების შემთხვევები, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია ამ საკითხს ეკიდება სერიოზულად. ეს ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ სულ მალე გამოვალთ ინიციატივით, რომ საწარმოში დავამკვიდროთ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100