სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიკამენტები კორონავირუსის სამკურნალოდ და ბაზარზე შექმნილი დეფიციტი

ვირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებიდან სამი თვის შემდეგაც COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს. ამ დრომდე, ქვეყნებში მედიკოსები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა მეთოდით უმკურნალონ პაციენტებს.

პირველ რიგში, ხდება სიმპტომური მკურნალობა ჩვენებების მიხედვით. ქართველმა ინფექციონისტებმა კი, ჯერ კიდევ პირველ პაციენტზე დატესტეს მედიკამენტები, რომელიც მაგალითად აშშ-მა ახლა აღმოაჩინა და ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატად ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

ამ ინფორმაციის შემდეგ მოქალაქეებმა პრეპარატის აქტიური შეძენა დაიწყეს.

"პლაქვენილი" - ეს არის პრეპარატი, რომელიც აქამდე მალარიისა და რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენებოდა. ის ქართველმა ინფექციონისტებმა ახალი ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენეს და მიუხედავად შექმნილი დეფიციტისა, მედიკოსები ამბობენ, რომ მისი საჭირო მარაგი ქვეყანას აქვს და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომწოდებლებთან.

გარდა "პლაქვენილისა", მსოფლიო მასშტაბით კიდევ ათზე მეტ ანტივირუსულ პრეპარატს იყენებენ, თუმცა ამ დროის მონაცემებით, შედარებით ეფექტური სწორედ საქართველოს მიერ არჩეული მედიკამენტია.

ასევე აქტიური კვლევა მიმდინარეობს "გილიადის" მიერ წარმოებულ პრეპარატ "რემდმისევერზე". "გილიადი" საქართველოსთან С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს და სწორედ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც წამლით მოამარაგებენ.

"რემდესივირი" თავის დროზე ებოლას ცხელების სამკურნალოდ შეიქმნა, ახლა კი დიდი ალბათობით COVID-19-თან ბრძოლაში გამოიყენებენ. პრეპარატი უკვე დაიტესტა ცხოველებზე. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ადამიანებთან მიმართებაში.

კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, მედიკოსები ტემპერატურის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ ნომერ პირველ პრეპარატად, რეკომენდაციას პარაცეტამოლს უწევენ. ამ პირობებში ექიმები მოქალაქეებს "იბუპროფენის" ჯგუფის წამლებს არ ურჩევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100