სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავარი პროკურატურა მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უწყება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ პატარიძის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს.
"25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, აჭარის ა/რ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ივანე მერაბიშვილისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებები და აჩვენა, რომ 2009 წლის მაისში მინისტრ ივანე მერაბიშვილის დავალებით დაიკავა კვარიათში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი. ივანე მერაბიშვილის დავალებითვე მოძებნა აგარაკის მოსავლელად ორი სანდო პირი და მუდმივი მეთვალყურეობის განსახორციელებლად აგარაკს დასაცავად მიუჩინა პოლიციის ორი თანამშრომელი.
ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 კვირაში, აგარაკი პირადად მოინახულა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლის მითითებითაც სახელმწიფო, კერძოდ კი შსს აჭარის სამმართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა ხსენებული აგარაკის რემონტი, სადაც მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია კედლის ფერისა და ინტერიერის შერჩევაში უშუალოდ იყო ჩართული და სწორედ მისი გემოვნებით განხორციელდა აგარაკზე სარემონტო სამუშაოები.
მოწმემ მიცემულ ჩვენებაში ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ წლების განმავლობაში აგარაკზე ისვენებდნენ როგორც მინისტრი, აგრეთვე მისი მეუღლე თაკო სალაყაია, შვილები და მისი ნათესავები. ამასთან მოწმემ დაადასტურა ფაქტი, რომ ივანე მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგარაკი არ იყო კონსპირაციული და იგი არ იყო აყვანილი შსს ბალანსზე.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოწმე თეიმურაზ პატარიძის დახურულ სასამართლო სხდომაზე დაკითხვა დაცვის მხარემ მოითხოვა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერ კიდევ 2013 წლის 7 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე. ბრალდებას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის რეალური მოტივი პროცესის დახურვასთან დაკავშირებით იყო ის გარემოება, რომ საზოგადოებას პირველწყაროდან არ გაეგო ივანე მერაბიშვილის მიერ პირადი მოტივებით ფიზიკური პირის საკუთრების აშკარა ხელყოფის ფაქტი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100