გალში ქართველ მოსწავლეებს აფხაზური პასპორტების გარეშე ატესტატს არ მისცემენ
გალის რიონის სკოლების კურსდამთავრებულები აფხაზური პასპორტის გარეშე ატესტატს ვერ აიღებენ.
როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, ყველა მეთერთმეტეკლასელს სკოლის დამთავრებისთანავე აფხაზური პასპორტის აღება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ატესტატს ვერ მიიღებენ.
"აფხაზები პასპორტების ასაღებად იძულების სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ. მასწავლებლებს ხელფასების არ-მიცემით ემუქრებოდნენ, პენსიონერებს კი - პენსიების. თუ მოსწავლეებს ადრე თითის ანაბეჭდის ასაღებად გალში უწევდათ წასვლა, ახლა ოჩამჩირეში უნდა ჩავიდნენ, რაც გარკვეულ საფრთხეებთან და თანხასთანაა დაკავშირებული", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ივერონი" აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.
მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე აპლაკოვის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად, აფხაზეთში სკოლადამთავრებულებს აფხაზური ატესტატი არ სჭირდებათ.
"სკოლის დამთავრების შემდეგ, გალის რაიონის სკოლის კურსდამთავრებულებს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შემოაქვთ განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. ჩვენი აღიარების შემდეგ მათ ეძლევათ ქართული ატესტატი და გამოცდებზე პრობლემა არ ექმნებათ. თუ დოკუმენტაციას აფხაზური ატესტატი მოყვება, მას ვიტოვებთ, თუმცა, ეს აუცილებელი არ არის", - განუცხადა "ივერონს" აპლაკოვმა.
კომენტარი