საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 სექტემბრის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით ტერორიზმის მსხვერპლთ და ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.
"10 წელი გავიდა იმ ტერორისტული თავდასხმებიდან, რომლებმაც 3 000-მდე უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. 2001 წლის 11 სექტემბერს შეტევა არა მარტო შეერთებული შტატებისა და მისი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი პლანეტის ყველა იმ ერისა და ადამიანის წინააღმდეგაც განხორციელდა, ვისთვისაც სიცოცხლე და თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია ძვირფასია. შეერთებულ შტატებზე დამიზნებით ალ-ქაედას ტერორისტულმა ქსელმა იერიში თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ადამიანურ ფასეულობებზე მიიტანა, რათა მსოფლიოში შიში, სიძულვილი და უიმედობა დაეთესა და კაცობრიობის სვლა უკეთესი მომავლისაკენ შეეჩერებინა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის პირველივე წუთებიდან, საქართველო და ქართველი ხალხი შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის გვერდითაა. ქართველი ჯარისკაცები ალ-ქაედასა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ ამერიკელი და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. საქართველო თანაზიარია ყველა იმ გამარჯვებისა, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ 10-წლიანი ბრძოლის შედეგად იქნა მოპოვებული. დღეს, 11 სექტემბრის 10 წლისთავზე, საქართველო ტერორიზმის მსხვერპლთ იხსენებს და დაღუპულთა ოჯახებსა და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური თბილისი აღნიშნავს, რომ "საქართველო არც მომავალში დაიშურებს ძალისხმევას, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 10 წელი შესრულდა.
კომენტარი