უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს 12 ნოემბერს, მ.მესხის სტადიონზე!
ხვალ, საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიის ნაკრებს მასპინძლობს. ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან პირველი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება. თუმცა გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა ორი საათით ადრე შეეძლება.
თუ უკვე შეიძინეთ თამაშზე დასასწრები ბილეთები, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური პარტნიორი თიბისი ბანკი თქვენ და თქვენს შვილებს მატჩის დაწყებამდე საინტერესო ღონისძიებებს გთავაზობთ. სპეციალურად გულშემატკივრებისთვის მოწყობილ ადგილებში - სტადიონის შესასვლელთან, შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა, ბორჯღალოსნებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება და მათი ავტოგრაფების მიღება; აქვე იქნებიან ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბის „ბორჯღალოსნების“ წევრებიც, რომლებიც რაგბის წესებს გაგაცნობენ და სურვილის შემთხვევაში კლუბში გაგაწევრიანებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი აქვთ ჩასატარებელი, აქედან ორი შეხვედრა იაპონიასთან და სამოასთან თბილისში გაიმართება, ხოლო მესამე, შოტლანდიასთან - 26 ნოემბერს, ქალაქ ქილმარნოში. 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა რვა თამაში ჩაატარა - 7 მოგება და ერთი ფრე. შედეგად გუნდმა მსოფლიო რეიტინგში 11-ე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდი მიზნად ისახავს წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მსოფლიოს მოწინავე ათეულში დამკვიდრებას.
ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს!
კომენტარი