"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ბრძანებით, უკრაინის ომში "მოხალისე მეომრების" კიდევ ერთი ჯგუფი წავიდა. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, გროზნოს საერთაშორისო აეროპორტიდან მან ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მორიგი ჯგუფი გაუშვა. როგორც გამოცემა წერს, უკრანის ომში დაღუპული ჩეჩენი სამხედროებისა და მოხალისეების რაოდენობა გასაიდუმლოებულია. "რამზან კადიროვის ცნობით, ჩეჩნეთში ოთხი სამხედრო ბატალიონის ფორმირება იგეგმება. ესენია "ჩრდილოეთ ახმატი", "სამხრეთ ახმატი", "დასავლეთ ახმატი" და "აღმოსავლეთ ახმატი". ყველა მათგანის შემადგელობაში "ექსკლუზიურად ჩეჩნები იქნებიან." 28 ივნისს, კადიროვმა განაცხადა, რომ "დასავლეთ ახმატის" ბატალიონი უკვე შეიქმნა, იქ მხოლოდ ჩეჩნები ირიცხებიან და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან. ადგილობრივი ანალიტიკოსის თქმით, უკრაინაში გასაგზავნი ახალი ჩეჩნური ბატალიონების შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ომში და "პუტინის გეგმებში კადიროვს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. შესაბამისად, ამის გაგრძელებაა 1-ელ ივლისს გროზნოს საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი მოხალისეთა ჯგუფის გაშვებაც." მისივე ცნობით, ინტერნეტმომხარებლებმა 24 თებერვლის შემდეგ, არაერთხელ მოუწოდეს კადიროვს უკრაინაში დაღუპული ძალოვნების, სამხედროებისა და მოხალისეების რაოდენობა გაემხილა, თუმცა უშედეგოდ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 22 ივნისს ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში დაღუპული რვა პოლიციელის შესახებ ისაუბრა. kavkaz-uzel.eu წერს, რომ უკრაინაში დაღუპულია იმაზე ბევრად მეტი ჩეჩენი, ვიდრე ბოლო რვა წლის განმავლობაში - როდესაც კადიროვის პოლიტიკის გაპროტესტების გამო, "კადიროველები" დაუნდობლად უსწორდებოდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს.
კომენტარი