სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ კიტოვანის საიდუმლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთში საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრის, თენგიზ კიტოვანის გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ „პრაიმტაიმს“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე, ელისო კილაძე უყვება. ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოხუმში ჩავიდა თენგიზ კიტოვანი, რომელმაც „პრეზიდენტობის კანდიდატ“ სერგეი შამბასთან საიდუმლო შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, ბოლო მომენტამდე კრემლი სწორედ შამბას კანდიდატურას ლობირებდა, რადგან მისი მეშვეობით აფხაზეთში რუსული ინტერესების გატარება ბოლომდე იქნებოდა შესაძლებელი. შიდა გამოკითხვები კი კრემლის ინტერესებს აშკარად არ ემთხვეოდა... გამოკითხვებში, სადაც აფხაზ მოსახლეობასთან ერთად გალში მცხოვრები ქართველებიც მონაწილეობდნენ, ანქვაბი ლიდერობდა. კილაძის ინფორმაციით, მოსკოვი აფხაზეთში სწორედ თენგიზ კიტოვანის მეშვეობით შეეცადა ინტრიგის ჩაგდებას.

ელისო კილაძე, „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე:

– მოსკოვს აფხაზეთში გეგმები ჩაეშალა. მოსკოვური წყაროების ცნობით, კრემლი სერგეი შამბას კანდიდატურას უჭერდა მხარს და ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მის დასმას მიაღწევდა. ეს გარანტია იყო იმისა, რომ აფხაზეთში რუსული ინტერესები ბოლომდე გატარდებოდა. არჩევნებს წინ უძღოდა კრემლის მორიგი მზაკვრული გეგმა. შიდა გამოკითხვებით ყველგან ალექსანდრე ანქვაბი ლიდერობდა, ამიტომაც მოსკოვმა ამჯერად ინტრიგა არა საკუთარი ხელით, არამედ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის მეშვეობით დააპირა. ჩემ მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სერგეი შამბამ კიტოვანი აფხაზეთში მიიწვია და მასთან კონფიდენციალური შეხვედრა გამართა.

– რატომ? რაში დასჭირდა შამბას კიტოვანთან შეხვედრა?

– შეხვედრის დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ჩემთვის. ეს ამბავი სოხუმიდან წასულმა გავლენიანმა ქართველებმაც დამიდასტურეს. მოკლედ, შამბა კიტოვანს საიდუმლოდ შეხვდა და მისი მოწინააღმდეგის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ ინტრიგა დახლართა. ამას მოჰყვა კიტოვანის განცხადებაც, თითქოს ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და შევარდნაძის ინფორმატორი იყოო. მაგრამ ამ ავანტიურას შედეგი არ მოჰყოლია – მოსახლეობამ კრემლის შეუცვლელ ფავორიტს უარი უთხრა.

– არჩევნებში დამარცხების შემდეგ შამბამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან საერთოდ აპირებს წასვლას...

– დიახ, იყო ასეთი განცხადება, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ბლეფი. რეალურად ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო თავის დროზე, წინ დიდი და მძიმე ბრძოლა ელის. ის შამბას კარის ბიზნესმენებსა და რუსეთის გავლენებს რეგიონში ერთდროულად უნდა ებრძოლოს. რუსეთი სოჭის ოლიმპიადის წინ კავკასიაში დესტაბილიზაციას ერიდება, მაგრამ, როგორც ჩემი აფხაზური წყაროები ვარაუდობენ, კრემლს აწყობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ინციდენტების პროვოცირება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ ისევ კრემლის წისქვილზე დაასხამს წყალს. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ საქმისთვის ისევ თენგიზ კიტოვანი გამოიყენონ, რომელმაც თავის დროზეც თვითნებურად მოახდინა აფხაზეთში შეჭრა და ომი დაიწყო. ანქვაბი კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის ინტერესები და აფხაზეთში სამხედრო ქალაქების მშენებლობა აფხაზებს საბოლოოდ კარგს არაფერს უქადის და ისინი, როგორც ეროვნული უმცირესობა, გაქრობის პირას არიან. ამიტომაც მას აუცილებლად მოუწევს ბრძოლა რუსეთის გავლენების წინააღმდეგ. ის ამას ან შეძლებს, ან რუსეთი მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გამოიყენებს. რჩება კიდევ ერთი შანსი – საქართველოსთან დიალოგი და დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება.

– თუ გაქვთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის ბოლო გადაადგილებების შესახებ?

– ცნობილი ფაქტია, რომ ომის შემდგომ ოკუპანტებმა რეგიონში მედესანტეები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი და „ტ-90“ ის ტიპის ტანკები შეიყვანეს. აფხაზეთის პორტებს რუსული სანაპირო დაცვის კატარღები აკონტროლებენ. ახლახან გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსებმა სამხედრო ავიაციაც შეიყვანეს. „ტუ-27“ ის ტიპის ორი გამანადგურებელი, საბორტე ნიშნით 03 და 23, გუდაუთაში განათავსეს. როგორც ჩანს, რუსეთი ისევ სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების გზით წავა.

მირიან ბოქოლიშვილი, „პრაიმტაიმი“, 26 სექტემბერი, 2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100