მოსკოვის შესასვლელთან „ზენიტის“ გულშემატკივრები ბეისბოლის ბითებით სასტიკად სცემეს
„ინტერფაქსის“ ცნობით, მოსკოვის შესასვლელთან, ტვერსკის ოლქში, ლენინგრადი-მოსკოვის გზატკეცილის დაახლოებით 130-ე კმ-ზე, რამდენიმე მანქანამ ალყაში მოაქცია და გაჩერება აიძულა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ გულშემატკივართა ავტობუსს, მანქანებიდან კი ბეისბოლის ბითებითა და არმატურის ნაჭრებით შეიარაღებული პირები გადმოცვივდნენ და „ზენიტის“ ფანები სასტიკად სცემეს.
თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, რომ „ზენიტის“ ათეულობით ფანი მომხდარის შემდეგ რუსეთის დედაქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული, თავდამსხმელები კი მიიმალნენ, თუმცა, პოლიციამ 6 მათგანის დაკავება მალევე შესძლო.
დღეს, 16.00 საათზე „ლუჟნიკებში“ მოსკოვის „სპარტაკისა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ საფეხბურთო მატჩია დაგეგმილი. უკვე გაყიდულია 60 ათასზე მეტი ბილეთი, ხოლო სტადიონზე წესრიგის დასაცავად მობილიზებული იქნება შსს-ს 2,5 ათასი თანამშრომელი.
კომენტარი