სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიმშილობის გამო ლალი მოროშკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

საკანში, სადაც ლალი მოროშკინა იმყოფება, დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს. მედიკოსთა გამოძახების მიზეზი ის გახდა, რომ შიმშილობის მესამე დღეს ლალი მოროშკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. - ამის შესახებ „დრონი.ჯი“-ს მოროშკინასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

წინასწარი ინფორმაციით, მედიკოსთა პირველი გამოძახება დღის პირველ ნახევარში, მეორე კი - საღამოს საათებში მოხდა. ამ დროისათვის პატიმრობაში მყოფი ლალი მოროშკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, წყარო არ აცხადებს, რა სახის გართულებები აღენიშნებოდა დაკავებულს.

ამავე წყაროს თქმით, ლალი მოროშკინამ დღეს უარი განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადების საფუძველზე საკუთარი თავის „სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად“ გამოცხადებაზე და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობაზე. მოროშკინა ისევ უსვამს ხაზს, რომ შიმშილობის აქცია იმ ცილისწამების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც მისივე კოლეგების - ნანუკა ჟორჟოლიანისა და თაკო ფხაკაძისგან მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინა „ნანუკას შოუს“ საახალხწლო გადაცემის ჩაწერის დროს მის კოლეგაზე, „პრაიმტაიმის“ მთავარ რედაქტორზე, თაკო ფხაკაძეზე თავდასხმის გამო დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

პატიმრობიდან მეორე დღეს, ანუ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანისა და თაკო ფხაკაძის პოზიცია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ლალი მოროშკინამ ის სასიკვდილოდ გაიმეტა და სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ჩანგალი ბლაგვი იყო, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანმა დაამატა, რომ მოროშკინამ სკანდალი განგებ მოაწყო, რათა თავისი ახალი წიგნი გაეპიარებია და ამისთვის ბოროტად გამოიყენა „ნანუკას შოუს“ სტუდია), ლალი მოროშკინამ შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100