ძაღლები საეკლესიო სამსახურში
«USA today»–ის ცნობით, აშშ–ის სამხრეთით, ერთ–ერთ კათოლიკურ ტაძარში მესასა და სხვა საეკლესიო მსახურებებს რეგულარულად ესწრებიან ძაღლები. ტეხასის გვადელუპის ქალწულ მარიამის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, მამა როი სნაიფსი, სწორედ ამგვარი ოთხფეხა მეგობრების გარემოცვაში ატარებს ღვთისმსახურების საიდუმლოს.
მესის მიმდინარეობის ჟამს ძაღლები მშვიდად წვანან ან დადიან ტაძარში და მოძღვრის ქადაგების დროს კი, არცთუ იშვიათად, მოკალათებულნი არიან თვით მღვდელმსახურის სავარძელში.
„როდესაც მრევლის ახალი წევრი მეუბნება, რომ ძაღლების ადგილი არ არის ეკლესიაში, მე ვპასუხობ – თუ არ სიამოვნებს და თუ ეძებს უძაღლო ეკლესიას, შეუძლია მონახოს, მაგრამ იქვე შევახსენებ ხოლმე, რომ იესო ქრისტე დაიბადა ცხოველთა გარემოცვაში.“
მამა როი თვლის, რომ „ჩვენს დეჰუმანიზებულ ეპოქაში ძაღლები შეიძლება ჩაითვალონ ანგელოზებად, რომელთაც ძალუძთ დაგვიბრუნონ ადამიანური სახე; ისინი ამხნევებენ მორწმუნეებს თავიანთ ლოცვებში“.
ამ საკითხში როი სნაიფსი იყო ნოვატორი – პირველი მესა ძაღლის თანდასწრებით მან ჩაატარა 1985 წელს, დღეისათვის კი ის უკვე მარტო აღარ არის – მოდა ოთხფეხა საეკლესიო მსახურებზე ძალზე სწრაფად ვრცელდება.
ასე, მაგალითად, ლაბრადორმა, რომელიც არ გამოდგა მეძებრობისთვის, გაიარა წვრთნა პრესტიჟულ კინოლოგიურ ცენტრში ქალაქ პრინსტონში (მინესოტა) და გამოდგა „მოსამსახურედ“ სამ მეთოდისტურ თემში ქ. ბუდბეი ხარბორში (მენის შტატი).
ლაბრადორი თან დაჰყვება პასტორ ქალბატონს (წარსულში ვეტერინარს) საღვთისმსახურო შეკრებებზე, კარებს აღებს და ხურავს, ანთებს და აქრობს სინათლეს მსახურებისას, პასტორთან ერთად მოინახულებს ხოლმე მრევლის ავადმყოფ წევრებს და ეხმარება ფსიქოლოგიური რელაქსაციის ოთახში განტვირთვის მოსურნეთ.
პასტორი ჰარველი მეთოდისტური ეკლესიიდან (ნიუ–ჰემფშირის შტატი) ფრანგულ ბულდოგს აძლევს საეკლესიო–ფსიქოლოგიურ დავალებებს. პასტორი დარწმუნებულია, რომ ძაღლი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დამამშვიდებელ „სანუგეშო მსახურებას“, უხსნის სტრესს ადამიანებს და სასიკეთოდ მოქმედებს მათ სულებზე.
„animalpress.ru“ - ს მიხედვით
კომენტარი