სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვისურვებდი, რომ ჩემი მშობლები ამ დღეს მოსწრებოდნენ" - ელჩი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა

მადლობა მდივნის მოადგილე, ჰეილ, ამ გულისხმიერი სიტყვებისთვის. დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პოლიტიკურ საქმეთა განყოფილებას უკავშირდება, ასე, რომ ამაყი ვარ დღეს თქვენი აქ ყოფნით, რომ მიიღოთ ეს ფიცი.

განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით.

შესანიშნავია ყველა თქვენგანის ხილვა. ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში – ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები. ძალიან შესაფერისია ამ ნაბიჯის თქვენს გარემოცვაში გადადგმა.

უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორს, დაგ მორისს, მისი მოთმინების, დამთმობლობისა და სიყვარულით სავსე მხარდაჭერისთვის გასული 14 წლის განმავლობაში. დაგი საზღვარგარეთ გაიზარდა და დიპლომატიურ ცხოვრებას ენთუზიაზმით შეხვდა. ეს არ არის ყოველთვის მარტივი ცხოვრება და თავს იღბლიანად მივიჩნევ, რომ ჩვენი შემდეგი თავგადასავლისას დაგი გვერდით მეყოლება. იგი ნამდვილად ისევე აღტაცებულია საქართველოს გაცნობით, როგორც მე.

ვისურვებდი, რომ ჩემი მშობლები ამ დღეს მოსწრებოდნენ. ისინი მშრომელი ამერიკელები იყვნენ პატარა ქალაქიდან; მათ ჩამინერგეს პასუხისმგებლობის მტკიცე გრძნობა და პატივისცემა ტოლერანტობისა და სამართლიანობისადმი. მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დები, კეიტი და კიმი დღეს ჩემთან არიან. ისინი არიან წარმოუდგენლად შთამბეჭდავი ქალები, რომელთაც პატარა დისთვის არ დაუშურებიათ სიყვარული, რჩევა და მხარდაჭერა. რაც თავი მახსოვს, ისინი აოცებენ ხალხს თავიანთი მიღწევებითა და ინტელექტით. ძალიან ვამაყობ ორივე მათგანით და მათი მიღწევებით.

ელჩების სემინარზე გვირჩიეს, რომ გაგვეკეთებინა ჩანაწერი, რათა საკუთარი თავისთვის შეგვეხსენებინა, რატომ ამოვირჩიეთ დიპლომატიური სამსახური, რატომ ავირჩიეთ ეს კარიერა. მგონი, ეს მორა ჰარტის რჩევა იყო.

ამან თითქმის 30 წლის უკან დამაბრუნა, სანამ დიმპლომატიურ სამსახურს დავიწყებდი, როდესაც წყნარი ოკეანის დასავლეთით მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს უზენაეს სასამართლოში იურისტად ვმუშაობდი. მაშინ, როგორც ახლა, ჩემი მოტივაცია იგივე იყო: მინდოდა მნიშვნელოვანი რამ გამეკეთებინა. მსურდა, ამერიკას დავხმარებოდი უკეთესი მსოფლიოს შენებაში.

26 წლისა და რვა ქვეყანაში 12 მისიის შემდეგ, მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს მთელ მსოფლიოში ხალხთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში.

ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის გავლენის გამტკიცებისთვის ხალხთან ურთიერთობითა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების წარმოჩენით, რომელიც გრძელვადიანი დემოკრატიის საფუძველია: პატივისცემა, ტოლერანტობა, პატიოსნება, სამართლიანობა და თავისუფლება. მე ნამდვილად მჯერა, რომ დემოკრატიას მოაქვს უდიდესი თავისუფლება და შესაძლებლობები ყველაზე მეტი ადამიანისთვის. ზოგჯერ ის უწესრიგოა, ზოგჯერ არაპროგნოზირებადი, მაგრამ ჩერჩილი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ.

ელჩად მსახური უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს.

თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.

ჩვენი სამედიცინო ექსპერტებიც თანამშრომლობენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური პროგრამით ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, მათ შორისაა C ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროგრამა. და ჩვენ გვყავს მშვიდობის კორპუსის ასზე მეტი მოხალისე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს სოციალურად დაუცველ საზოგადოებებთან. მეტიც, ჩემი დისშვილი, ჯინა, ერთ-ერთი მათგანი იყო.

მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია.

საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.
ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს.

დავასრულებ პირადი ნოტით. მე არ დამისახავს მიზნად, რომ ელჩი გავმხდარიყავი. მაგრამ, როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, როდესაც გჯერა იმისი, რასაც აკეთებ და იმ ადამიანების, რომლებთან მუშაობის პატივი გხვდება წილად, ზოგჯერ გასაოცარი ამბებიც ხდება.

აქ მყოფი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების, განსაკუთრებით ქალების გასაგონად ვიტყვი. მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რისიც გწამთ და იყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისა: გულწრფელობის, პატიოსნების და ქვეყნის მსახურების. ეს გაგაძლიერებთ. ეს არის ის, რამაც გახადა ამერიკა ძლიერი და რითიც გაგრძელდება ამერიკის ლიდერობის აღმავლობა მთელ მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100